“მოსკოვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს პროვოკაციების თავიდან აცილებას ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სასაზღვრო რაიონებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ესკალაცია”- ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დიპლომატიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაეროს თანათავმჯდომარე ჯიჰან სულთანოღლუს და ეუთოსა და ევროკავშირის დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ.
“რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ამ მოლაპარაკებების ფორმატის მუშაობის პრიორიტეტულ სფეროებში კოლექტიური ძალისხმევა გაიზრდოს და აქცენტი უნდა გაკეთდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრებზე პროვოკაციების აღკვეთის მნიშვნელობასა და ადგილზე დაძაბულობის ესკალაციას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს აქტუალური საკითხები ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდის კონტექსტში, რომელიც 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში არის დაგეგმილი.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.
