ავტორი: ალექსანდრე გოგოლაძე, დიპლომატი


2013 წელს, საგარეო უწყებაში შებიჯებისთანავე, ცნობისმოყვარეობით აღსავსეს და ქვეყნის წინსვლის სურვილით შეპყრობილს, დიდი იმედი მქონდა ნათელი მომავლის. თუმცა, მაშინაც კი, როცა 23 წლის ვიყავი, ბრმად ვერც ამ პროფესიას ვენდე და ვერც იმ უწყებას, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ამ პროფესიის მართვა. თავიდანვე გამიჩნდა კითხვა: „რა ფუნქცია ჰქონდა ქართულ დიპლომატიას“?

საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყებიდან, 11 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის საგარეო კურსის მკაფიო ცვლილება მოხდა, ეს კითხვა უკვე არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მეტად აქტუალური გახდა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დიპლომატია მშვიდობის ხელოვნება იყო, რომ ეს პროფესია თანამშრომლობის, ქვეყნის სტაბილური განვითარების და პროგრესის ინსტრუმენტია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ სიტყვების შინაარსი სიმართლეს მხოლოდ მაშინ ასახავს, თუ იგი დემოკრატიულ სახელმწიფოს ემსახურება. დიპლომატია სულ სხვა იერსახეს იღებს, როდესაც იგი ტირანიის გავლენის ქვეშ ექცევა. ასეთ ვითარებაში, დიპლომატია მხოლოდ ნიღაბია, რომელსაც იყენებენ მთავრობის მიერ განხორციელებული რეპრესიების, ძალადობისა და ჩაგვრის დასამალად; იგი იქცევა არალეგიტიმურის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად. როდესაც დიპლომატია ემსახურება დიქტატურას, იგი აღარ არის დიპლომატია, იგი თანამონაწილეობაა.

თუ ჩვენ არ გვსურს თანამონაწილეობა, კიდევ ერთხელ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „რას ვემსახურებით დღევანდელ რეალობაში – სამშობლოს თუ რუსულ პროექტს“?

„ჩვენ საჯარო მოხელეები ვართ, ჩვენ პოლიტიკა არ გვეხება, ჩვენ მხოლოდ ჩვენს საქმეს ვასრულებთ!“ – ვიცი, რომ ძირითადად, გონება ასე ამართლებს შექმნილ დისკომფორტს!

გულით გვწამს, რომ ყველაფერი ასე მარტივადაა და შეგვიძლია ამ გამართლებას ამოვეფაროთ? ჩვენ ხომ არ ვართ უბრალო ბიუროკრატები; საერთაშორისო არენაზე დიპლომატი ქვეყნის სახე და ხმა არის. რასაც ჩვენ ვიძახით და ვაკეთებთ მნიშვნელოვანია! როდესაც ჩვენ ვიცავთ რეჟიმს, რომელიც თელავს საკუთარი ხალხის უფლებებს, ჩვენ აღარ ვართ ნეიტრალურები, ჩვენ ვხდებით რეპრესიული მანქანის ნაწილი. თუ უსამართლობის ჟამს, ჩვენ ვირჩევთ დუმილს, მაშინ ჩვენ ვიკავებთ მჩაგვრელის მხარეს. კონფორმიზმი და მორალური პასუხისმგებლობის უარყოფა ვერ გამოდგება ფსიქიკის ფარად. ეს გააზრებული არჩევანია! ჩვენ ვირჩევთ თვალი მოვარიდოთ უსამართლობას, მივცეთ სისტემას შესაძლებლობა იმოქმედოს, როდესაც ჩვენი ხალხი იჩაგრება. „ეს ჩვენ არ გვეხება“ – არ არის გამართლება, ეს დანებებაა.

სამწუხაროდ, ქართველი დიპლომატების ნაწილს მიაჩნია, რომ დიპლომატი უპირობოდ უნდა ემორჩილებოდეს მისი ხელისუფლების პოლიტიკას, ინარჩუნებდეს დუმილს მთავრობის გახრწნილების მიუხედავად. აქ ვდგებით მორალური დილემის წინაშე. რა არის ჩვენთვის დიპლომატია – მხოლოდ პროფესია თუ მოწოდება? დიპლომატი, ამ პროფესიის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ იქნება მორალურად ნეიტრალური, ვერ უარყოფს ეთიკურ პასუხისმგებლობას. ჭეშმარიტი დიპლომატია არ გულისხმობს ვიღაცის მიმართ მსახურებას. იგი გულისხმობს პასუხისმგებლობას საკუთარი ერისა და კაცობრიობის წინაშე, უპირობო მსახურებას სამართლის, პროგრესისა და მშვიდობის მიმართ. როდესაც ჩვენ ვიმეორებთ რეჟიმის სიტყვებს, რომელსაც დემოკრატია მხოლოდ ფასადად სჭირდება, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და თავისი კეთილდღეობა, ჩვენ ვღალატობთ ამ პროფესიას. ძალაუფლების დაუფიქრებელი პატივისცემა, ხომ სიმართლის უდიდესი მტერია.

დადგა ის მომენტი, როდესაც მოგვიწევს რეალობას გავუსწოროთ თვალი. უნდა გავცეთ კითხვას პასუხი: ვინ ვართ ჩვენ – დიპლომატები თუ რეჟიმის „გამპრავებლები“?

მარტინ ლუთერ კინგმა ერთხელ ბრძანა: „უსამართლობა სადღაც, საფრთხეს უქმნის სამართალს ყველგან“! თუ ჩვენ არ აღვადგინეთ სამართალი ჩვენს პროფესიაში, ჩვენ ვრისკავთ დავკარგოთ მთელი ქვეყანა! კინგმა ასევე თქვა: „მოვა დრო როდესაც დუმილი დანაშაული გახდება“! ახლა დუმილით და უმოქმედობით, ჩვენ საკუთარ ხალხს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დიპლომატიას, როგორც ცნებასა და იდეას ვღალატობთ! ჩვენ სამშობლო გვიყურებს, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. როგორი უნდა გამოჩნდეს ქართული დიპლომატია, მუხლებზე დაჩოქილი? ეს ყოფილა მისი ფუნქცია? თუ დროა, გავიმართოთ წელში, ამაყად გავიაროთ ეს გამოწვევებით სავსე ისტორიული მონაკვეთი?


ალექსანდრე გოგოლაძე ახლა სამართლებრივ დავაშია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა ალექსანდრე გოგოლაძემ 2024 წლის 1-ელ მაისს Facebook-ის პირად გვერდზე დაგმო რუსული კანონი და თქვა, რომ უერთდება პროტესტს რუსთაველზე.

ადგილსამყოფელი ქვეყნის მივლინების/შვებულების მოთხოვნილი წესის გაფორმების გარეშე დატოვების მიზეზით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გოგოლაძეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. საგარეო უწყების ცნობით, ალექსანდრე გოგოლაძე დღემდე იკავებს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის პოზიციას, თუმცა გამოვლენილი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით გაგზავნილ იქნა შესაბამის ტრეინინგზე. ალექსანდრე გოგოლაძემ დისციპლინური სახდელი სასამართლოში გაასაჩივრა.

საჯაროდ გამოვთქვამ უთანხმოებას ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე – მოქმედი დიპლომატი