გერმანიის საელჩოს განცხადებით, გერმანიაში არასდროს გამოყენებულა მეგობარი ქვეყნების საარჩევნო უბნების გახსნა სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისთვის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში.
ასე უპასუხეს მათ ნეტგაზეთის მიერ გაგზავნილ კითხვას – საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, ან გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისვლა, შეუქმნის თუ არა რაიმე სახის პრობლემას საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება გერმანიაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
„დემოკრატიული არჩევნების ჩატარება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გერმანიაში არასდროს გამოყენებულა მეგობარი ქვეყნების საარჩევნო უბნების გახსნა სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისთვის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატარონ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ჩვენ ასევე გვსურს, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობა მშვიდ გარემოში და მშვიდობიანად ჩამოყალიბდეს. მოხარული ვიქნებით, თუ ის ქართველები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, ამაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოველით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა პატივი სცენ ჩვენს კანონებს“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გერმანიაში 4 საარჩევნო უბანი გაიხსნება:
- ბერლინში (რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი);
- ფრანკფურტში (ბოკენჰაიმერ ლანდშტრასე 97-99. 60325);
- მიუნხენში ( საქართველოს საპატიო საკონსულო, ლუიზენშტრასე 43/2, 80333);
- შტუტგარტში (ქემნიტცერშტრასე 21, 70597 შტუტგარტი);
არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ გერმანიაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 8 ოქტომბრამდე იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და ამასთან ერთად არიან ამომრჩეველთა სიაში და აქვთ ვადიანი/მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
