“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილავდნენ რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის [დე ფაქტო] ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი შეთანხმების პროექტს.
ტელეგრამ არხის RESPUBLICA-ს ცნობით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ამავე არხის ცნობითვე, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, არ დაუშვეს მედიის წარმომადგენლებიც.
პროექტში აღნიშნულია, რომ ის დაარეგულირებს რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, მხარდაჭერის ზომებს ამ კატეგორიის პირებთან დაკავშირებით.
“აფსნიპრესის” ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, შემდგომ ეკონომიკურ განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
სპიკერმა ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ დღევანდელი დისკუსია არის დეპუტატების მიერ პროექტზე ინტენსიური მუშაობის ერთ-ერთი ეტაპი. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებს სიტყვით მიმართა, რომ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ თითოეული პოზიცია იქნება გამოხატული.
დიალოგის პროცესში შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს შეთანხმების პროექტის შინაარსი, ასევე- დეპუტატების მიერ ადრე წარდგენილი ცვლილებები, და გამოთქვეს მოსაზრებები ცალკეულ მუხლებზე, განსაკუთრებით, დღგ-ის საკითხებზე, ინვესტიციების მოცულობის განაწილებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და ა.შ.
პარლამენტის წევრები შეთანხმდნენ, რომ მათი ყველა ცვლილება არ შეიძლება აისახოს შეთანხმების საბოლოო ვერსიაში, მაგრამ მიაჩნიათ, რომ არსებობს ფუნდამენტური პოზიციები, რომლებიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესში მის ხელმოწერამდე.
აფხაზური ტელეგრამ არხის, RESPUBLICA-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები პრესკონფერენციაზე რუსეთთან საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმების მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომლის განსახილველადაც დეპუტატები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ემზადებიან.
“უპირველეს ყოვლისა, ეს შეთანხმება გამიზნულია უცხოელი ოლიგარქებისთვის საგადასახადო გათავისუფლებაზე 25 წლამდე ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები იწყება ისეთ ინვესტიციებზე, რომლებიც 2 მილიარდი რუბლიდან ან ზევითაა. რისთვის გვჭირდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ბიუჯეტს არც ერთ კაპიკს შემატებენ?” – განაცხადა ადგურ არძინბამ პრესკონფერენციაზე.
