ჩრდილოეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტამერლან ცგოევმა მოუწოდა აფხაზეთის [დე ფაქტო] ომბუდსმენს, ანას ქიშმარიას, დაიწყოს შამილ ბასაევისთვის რესპუბლიკის [დე ფაქტო] სახელმწიფო ჯილდოებისა და ტიტულების ჩამორთმევა. ამ მოწოდებით ის გამოეხმაურა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში გამართულ გამოფენაზე ბასაევის პორტრეტის ირგვლივ გამოწვეულ რეზონანსს.

ცგოევის განცხადებით, მუზეუმის თანამშრომლებმა რუსული მხარის პრეტენზიებზე კომენტირებისას განაცხადეს, რომ პორტრეტს გაიტანდნენ “მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების ან ბასაევისთვის აფხაზეთის გმირის წოდების ჩამორთმევის შემდეგ”. ცგოევი თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ ის ფაქტი, რომ ბასაევის პორტრეტი რესპუბლიკურ მუზეუმში ჩამოჰკიდეს და მისთვის ჯერ კიდევ არ ჩამოურთმევიათ აფხაზეთის გმირის წოდება, “შეუძლებელია, საზარელი არ იყოს”.

მან გაიხსენა, რომ ბასაევი  “რუსეთში ყველაზე საშინელი ტერაქტების” ორგანიზატორად არის აღიარებული, მათ შორის 2004 წელს ბესლანის N1 სკოლაში მძევლების აყვანის ფაქტშია დამნაშავე.

“ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლიანი მკვლელის პიროვნების განდიდება მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში”, – ნათქვამია ოსი ომბუდსმენის მიმართვაში.

ცგოევის თქმით, ეს ყველაფერი “პირდაპირ არღვევს შამილ ბასაევის ტერორისტული აქტების შედეგად დაზარალებული ოსეთისა და რუსეთის მცხოვრებლების, მათი ნათესავებისა და მეგობრების უფლებებს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის შესახებ”, ასევე “ეწინააღმდეგება მთელ რიგ საერთაშორისო კონვენციებს ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ”. ცგოევმა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა კომისარს შესთავაზა, რომ  რესპუბლიკის პრეზიდენტს მიმართოს ბასაევს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის ინიციატივით.

ქიშმარიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა არც აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის ვებგვერდზე.


შამილ ბასაევი იყო საველე მეთაური ჩეჩნეთის პირველი ომის დროს და გროზნოზე თავდასხმის ლიდერი (1996 წლის აგვისტო). ის ასევე იყო ტერორისტული თავდასხმებისა და მძევლების აყვანის ორგანიზატორი ბუდენოვსკში, სტავროპოლის ტერიტორიაზე (1995), თეატრალური ცენტრი დუბროვკაზე მოსკოვში (2002), სკოლაზე ბესლანში (2004, ჩრდილოეთ ოსეთი). ბასაევი ასევე იყო დაღესტნის ტერიტორიაზე ბოევიკების შემოჭრის ლიდერი (1999), რამაც  ჩეჩნეთის მეორე ომს დაუდო საფუძველი. მონაწილეობდა ნალჩიკზე შეტევაში (2005 წლის ოქტომბერი, ყაბარდო-ბალყარეთი).

ბასაევი მოკლეს 2006 წლის 10 ივლისს. 1992 წლის აგვისტოდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის სამხედრო ოპერაციებში. იყო გაგრინის ფრონტის მეთაური და აფხაზეთის [დე ფაქტო] თავდაცვის მინისტრის მოადგილე.