ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნებისმიერ რუსულ ბანკს შეუძლია გახსნას შვილობილი კომპანია აფხაზეთში – ოზგანი

3 ოქტომბერი, 2024 •
ნებისმიერ რუსულ ბანკს შეუძლია გახსნას შვილობილი კომპანია აფხაზეთში – ოზგანი

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო, საკრედიტო ორგანიზაციების, გადასახადებისა და ფინანსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი შეთანხმება რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის [დე ფაქტო] ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ საშუალებას იძლევა, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ტერიტორიაზე სახელმწიფოს მონაწილეობით გაიხსნას რუსული საკრედიტო ორგანიზაციის ფილიალი.

მან ასევე ციტირება გააკეთა “აფხაზეთის ბანკის შესახებ” ე.წ. კანონის 51-ე მუხლის, რომლის მიხედვითაც “აფხაზეთის ბანკი” გასცემს ნებართვას უცხოური ინვესტიციებით საკრედიტო ორგანიზაციებისა და უცხოური ბანკების შვილობილი კომპანიების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე, ახდენს აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლობების აკრედიტაციას”.

ოზგანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დღეს ნებისმიერ რუსულ ბანკს შეუძლია გახსნას შვილობილი კომპანია აფხაზეთში[დე ფაქტო] და მიიღოს სრული ლიცენზია საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად.

“ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც დღეს განვიხილავთ, საუბარია რუსული საკრედიტო ორგანიზაციის ფილიალზე სახელმწიფოს მონაწილეობით”, – განაცხადა ოზგანმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი საშუალებას იძლევა გაიხსნას აფხაზეთში [დე ფაქტო] რუსული საკრედიტო ინსტიტუტების ფილიალები, “ოღონდ, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად”.


აფახზური ტელეგრამ არხის, RESPUBLICA-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები პრესკონფერენციაზე რუსეთთან საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმების მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომლის განსახილველადაც დეპუტატები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ემზადებიან.

“უპირველეს ყოვლისა, ეს შეთანხმება გამიზნულია უცხოელი ოლიგარქებისთვის საგადასახადო გათავისუფლებაზე 25 წლამდე ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები იწყება ისეთ ინვესტიციებზე, რომლებიც 2 მილიარდი რუბლიდან ან  ზევითაა. რისთვის გვჭირდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ბიუჯეტს არც ერთ კაპიკს შემატებენ?” – განაცხადა ადგურ არძინბამ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი