სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ სომხურ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუებაა რუსეთის, რუსეთის დახმარებისა და რუსეთთან ალიანსის მიმართ.
მიროზიანმა უპასუხა კითხვებს, რამდენად შეიცვალა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება. ასევე მან უპასუხა კითხვას, აიძულა თუ არა სომხეთი რუსეთის ქმედებამ, ევროპისკენ გეზი აეღო – რუსეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა საკუთარი გავლენა სომხეთში კონფლიქტის დროს, მაგრამ გვერდზე გადგა, როდესაც შარშან აზერბაიჯანი სომხეთს თავს დაესხა.
“იცით, საიდუმლო აღარ არის, რომ სომხურ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუება არსებობს რუსეთის, რუსეთის დახმარებისა და რუსეთთან ალიანსის მიმართ, რადგან ათწლეულების განმავლობაში, სომხეთში მიიჩნევდნენ, რომ თუ მსგავსი რამ მოხდებოდა, მაშინ რუსეთი დაგვეხმარებოდა, დაგვიცავდა და ა.შ. ახლა კი სომხეთში დაინახეს, რომ ეს ასე არ არის, ჩვენ დახმარებას არ ვიღებთ, მეტიც, იცით, რომ 2020 წლის ომის შემდეგ, რუსი სამშვიდობოები გაგზავნეს მთიან ყარაბაღში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ იძულებითი გადაადგილების დროს სამშვიდობო მისია უმოქმედო იყო და არ გაამართლა.
მეტიც, ჩვენ, რუსეთი და სხვა ქვეყნები ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და როდესაც განხორციელდა თავდასხმები ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, დავინახეთ, რომ კვლავ არც რუსეთს და არც ჩვენს ოფიციალურ მოკავშირეებს ОДКБ-ში არ მოუხდენიათ რეაგირება. ყოველ შემთხვევაში, მათი რეაქცია არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი ჩვენი მოლოდინებისთვის”, – აღნიშნა მიროზიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დიდი “იმედგაცრუების შემდეგ”, სომხეთის მოსახლეობა ამჟამად სხვა ვარიანტებს განიხილავს.
“ჩვენ გულწრფელად გვჯერა დემოკრატიის და ცხადია, რომ ეს გვაახლოებს ევროკავშირთან, აშშ-თან, შესაბამისად, საზოგადოების ღირებულებების კონტექსტში, ჩვენ ახლოს ვიყავით ევროკავშირთან, დასავლეთის ქვეყნებთან. უსაფრთხოების კონტექსტში, ფსიქოლოგიურად, სომხეთის მოსახლეობა რუსეთთან ახდენდა საკუთარი თავის ასოცირებას. ახლა ეს მეორე კომპონენტი განადგურდა და ხალხი ვერ ხედავს სხვა მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მოხდეს მთლიანად ევროკავშირთან ასოცირება”, – განაცხადა არარატ მიროზიანმა.