აფხაზეთში ანტირუსული განწყობების ფონზე, 29 სექტემბერს სოხუმში გაიმართა შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინსა და აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა, მონაწილეობა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მიიღო.
“მესმის, რომ არის შიდაპოლიტიკური ბრძოლა, ეს არავის გაუუქმებია არსად – არც აფხაზეთში, არც რუსეთში და არც აშშ-ში. რა თქმა უნდა, ოპოზიციას თავისი პრეტენზია აქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებას კი – ოპოზიციის მიმართ. მე პატივს ვცემ აფხაზეთის მოქალაქეების უფლებას, თავად გადაწყვიტონ, ვინ არის მათთვის უკეთესი… ჩემი დიდი თხოვნაა – შევინარჩუნოთ რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები”, – განაცხადა ზატულინმა.
რუსეთის დუმის დეპუტატის, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს. მისი თქმით, “მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას”, ხოლო ჯარებს რეგიონებიდან არ გაიყვანს.
“ნუთუ დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხას. ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ის ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე ის არის, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია გამქრალია. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითია”, – განმარტა მან.