ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია, ბოდიში ვერ შეცვლის სიტუაციას – ჩირიკბა

1 ოქტომბერი, 2024 •
აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია, ბოდიში ვერ შეცვლის სიტუაციას – ჩირიკბა

აფხაზეთის პრეზიდენტთან [დე ფაქტო] არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა და ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ TASS-თან განაცხადა, რომ აფხაზეთი [დე ფაქტო] დადებითად აღიქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეას, მაგრამ აფხაზეთის [დე ფაქტო] საქართველოში ინტეგრირებაზე საუბარი არ შეიძლება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის მზადყოფნის შესახებ, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესში. ურთიერთობების ნორმალიზების იდეა, თავისთავად, არ შეიძლება დადებითად არ იყოს აღქმული, მაგრამ საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ აფხაზეთთან ურთიერთობის დაწყება არ შეიძლება ნულიდან და მხოლოდ ბოდიში არ შეცვლის სიტუაციას – ჩვენს ქვეყნებს მძიმე კონფლიქტი და პრაქტიკულად ცივი ომის ხანგრძლივი პერიოდი აშორებს. არ შეიძლება საუბარი აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციასა და საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. აშკარაა, რომ ყოფილი საქართველოს სსრ ვეღარ აღდგება და აქ სრულიად განსხვავებული მიდგომებია საჭირო”, – განაცხადა ჩირიკბამ.

პოლიტიკოსის თქმით, “აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებულია რუსეთისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ და ის მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას აპირებს მეგობრებისა და მოკავშირეების, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის, დახმარებაზე დაყრდნობით”.

“თბილისმა უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ შეიძლება დაასრულოს ეს კონფლიქტი და გახსნას ახალი ერა აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში”, – აღნიშნა ჩირიკბამ.

ჩირიკბამ აღნიშნა, რომ მტრის მუდმივი იმიჯის შესაცვლელად, თბილისმა “მიდგომებში რეალური ცვლილებები უნდა შეიტანოს და დაამტკიცოს საკუთარი მშვიდობიანი განცხადებების გულწრფელობა.” მაგალითად, იგულისხმება “აფხაზური პასპორტების საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტებად აღიარების ხელშეწყობა, არ შეეშალოთ ხელი აფხაზ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, კულტურულ და სამეცნიერო მოღვაწეებსა და ბიზნესს გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, შეწყდეს აფხაზეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიის წოდება და გაუქმდეს შესაბამისი კანონი”.

“ბოლოს და ბოლოს, შეზღუდული რუსული კონტინგენტი აფხაზეთში აფხაზეთის ხელისუფლების მოთხოვნით იმყოფება, სწორედ საქართველოს მხრიდან განმეორებითი აგრესიის საფრთხის გამო”, – აღნიშნა ჩირიკბამ.

ვიაჩესლავ ჩირიკბამ სინანული გამოთქვა, რომ “მოლაპარაკების პროცესი დიდი ხანია პრაქტიკულად ჩიხშია შესული, ძირითადად იმის გამო, რომ ქართულ მხარეს არ სურს, ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ”.

“ამ ვალდებულების მიღების მუდმივი თავშეკავება შესაძლოა განიმარტოს მხოლოდ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოყენების უფლების დატოვების სურვილით. თუ საქართველოს სურვილი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი გულწრფელია, რატომ არ უნდა დაადასტუროს ეს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით? მაგრამ არც სოხუმს და არც ცხინვალს არ სჯერათ უბრალო სიტყვების, რაც არ უნდა ტკბილი იყოს ისინი, და ამისთვის ყველა მიზეზი აქვთ”, – განაცხადა ჩირიკბამ.


„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.

„ამასთან დაკავშირებით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული და შეცდომები, რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეპატრონეებით ქმნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყნებს“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით. ეს არის მოსკოვის მიერ არაერთხელ გახმიანებული პოზიცია და მცდელობა, კონფლიქტის მხარის ნაცვლად მედიატორად იქცეს და თბილისს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ურთიერთობებში უშუამავლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი