ახალი ამბები

„არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი, პრობლემა გვაქვს მთავრობის კურსთან“ – კუპმანი

30 სექტემბერი, 2024 •
„არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი, პრობლემა გვაქვს მთავრობის კურსთან“ – კუპმანი

ევროკავშირის გაფართოებისა და მოლაპარაკებების დეპარტამენტის დირექტორი, ჰერტ იან კუპმანი აცხადებს, რომ ევროკავშირს არ მიუტოვებია ქართველი ხალხი, მაგრამ აქვს პრობლემები საქართველოს მთავრობის კურსთან.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია „დე ფაქტო შეჩერებულია“, ხოლო სიტუაციის შემობრუნებისთვის უმნიშვნელოვანესია რუსული კანონის გაწვევა.

„ჩვენ ვამაყობდით, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ უცხოეთის აგენტების კანონის და სხვა მოვლენების ფონზე, საქართველომ დაკარგა გზა და დაშორდა ევროკავშირს.

როცა ვამბობ, რომ ეს ქვეყანამ გააკეთა, უნდა დავაზუსტო, რომ ხალხი ევროკავშირს არ დაშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერა 80-90 პროცენტის დონეზე რჩება. პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

უნდა აღვნიშნო, რომ ე.წ. 9 ნაბიჯზეც ძალიან პატარა პროგრესია. შედეგად, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ დე ფაქტო შეჩერდა  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

მკაფიოდ ვამბობთ იმას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო სიტუაციის შემობრუნებისთვის. ნათელია, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება აგენტების კანონის გაწვევა. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

რომ შევაჯამოთ, ჩვენ არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი. პირიქით. მაგრამ ნამდვილად გვაქვს პრობლემა მთავრობის კურსთან“, – ამბობს კუპმანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი