ახალი ამბები

კითხვები ემიგრანტების რაოდენობაზე საარჩევნო სიაში და უწყებების განმარტებები

26 სექტემბერი, 2024 •
კითხვები ემიგრანტების რაოდენობაზე საარჩევნო სიაში და უწყებების განმარტებები

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რიცხოვნობის შესახებ განმარტებას აკეთებს.

უწყებას ეს განმარტება მას შემდეგ დასჭირდა, რაც აღმოჩნდა, რომ ემიგრანტების საარჩევნო სიაში იმაზე ნაკლები ადამიანი შეიყვანეს, ვიდრე იმ საჯარო ინფორმაციაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავად გასცა გასულ თვეში.

რა ხდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 67 347 სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოითხოვა.

თუმცა 26 სექტემბერს ცესკომ გაავრცელა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე დგას, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს წინა თვის დასაწყისში IDFI-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში იყო. ამ მონაცემზე დაყრდნობით ცესკომ გადაწყვიტა, რომ 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი გახსნას.

როგორც ნეტგაზეთს ცესკოში განუცხადეს, ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბოლო  მონაცემები 25 სექტემბერს მიიღო.

ჩნდება კითხვა, ზრდის მაგივრად რატომ შემცირდა თვენახევარში საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ცესკოს გამოქვეყნებულ მონაცემებში? მით უმეტეს, რომ ზაფხულის დასრულების შემდეგ და საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის პირობებში ემიგრანტების აქტიურობა კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 26 სექტემბერს, ცესკოს სხდომაზე კითხვა დასვა ცესკოს წევრმა ანა კობახიძემ. კობახიძემ იკითხა, რატომ მოიკლო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა რაოდენობამ ცესკოს გავრცელებულ მონაცემებში.

პასუხად ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე საარჩევნო უფლების მქონე პირების, რომლებიც საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველია.

„მე არ ვიცი, ვინ რა გამოითხოვა, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროდან ითხოვს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ, ის არის ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნებული ინფორმაცია და არა საარჩევნო მიზნებისთვის. საარჩევნო მიზნებისთვის ჩვენ მოგვეწოდება ინფორმაცია, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე აღემატება კანონით მიერ განსაზღვრულ ოდენობას, ეს არის არანაკლებ 50 ამომრჩეველი. შესაბამისად, 50-ზე მეტი ამომრჩეველი სადაც არის, ამის შესახებ მოგვეწოდება ჩვენ ინფორმაცია და არა ისეთი შემთხვევები, სადაც 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი იყო.

აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია დასკვნის გამოტანა, რომ ზოგადად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების რაოდენობა, რა თქმა უნდა, მეტი იქნება, ვიდრე საარჩევნო უფლების მქონე პირების“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თუმცა IDFI-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშიც მონაცემები სწორედ სრულწლოვანი მოქალაქეების შესახებ იყო, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ IDFI-ისთვის გაგზავნილი ინფორმაცია

კიდევ ერთი საკითხი, რაც კითხვებს აჩენს, ესაა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ ვებ-გვერდზე (geoconsul.gov.ge) გამოქვეყნებული სტატისტიკა, სადაც მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვისთვის რეგისტრაციას გადიან.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, geoconsul.gov.ge-ის ვებ-გვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე  საქართველოს 128 999 მოქალაქე დადგა.

 

რას პასუხი აქვს საგარეო უწყებას

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცესკოს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკას, უწყების განცხადებით, აღნიშნული ვებ-გვერდი ამოქმედდა 2015 წელს და სტატისტიკური მაჩვენებელი იმ პირთა რაოდენობას აღრიცხავს, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებ-გვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებ-გვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა, როგორც აღნიშნული ვებ-გვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებ-გვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი