ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში საკუთარი აზრი გამოთქვა აფხაზეთის [დე ფაქტო] მოქალაქეებში ანტირუსულ რიტორიკასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ასეთი ხალხი ცოტაა, მაგრამ ისინი საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, რადგან მათი შეხედულებები საზიანოა აფხაზეთისთვის [დე ფაქტო].
“ეს [ანტირუსული რიტორიკა] უკიდურესად ანტიაფხაზურია. მას მეტწილად ანტიაფხაზური ხასიათი აქვს, ვიდრე ანტირუსული”, – განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ ამ ადამიანების ნაწილს ადრე მაღალი თანამდებობები ეკავა და მათ პრობლემის არსი კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული. ხელისუფლების კრიტიკაზე საუბრისას ბჟანიამ განაცხადა, რომ ეს შესაძლოა იყოს სამართლიანი, მაგრამ ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობების კრიტიკის დაუშვებლობას.
“კრიტიკა ჩვენი ურთიერთობის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან, კრიტიკა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით – ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ეს არ შეესაბამება ნორმალურ პოლიტიკას.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის ხელმძღვანელობაში, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობენ აფხაზეთში, ასევე იმაში, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, რუსეთის სახელმწიფო არასანდო სახელმწიფოა, ხოლო მათი ქმედებები არ არის სანდო, არსებობს შესანიშნავი გამოსავალი: მათ შეუძლიათ მოვიდნენ და დემონსტრაციულად ჩააბარონ რუსული პასპორტები”,- განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, სამართალდამცავი უწყებების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საგარეო პოლიტიკასა და რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, დაუშვებელი უწოდა “სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების თემაზე სპეკულაციას”.
“ჩვენს სახელმწიფოში არსებობენ ადამიანები, საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც სურთ, რუსეთის სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გარკვეული პარალელები გაავლონ. ეს დაუშვებელია. მე ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტის გასამყარებლად ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ შესაძლებლობებს, რომელთაც რუსეთის ფედერაცია გვთავაზობს. რუსეთი ჩვენი ძმა და მეგობარია. არავინ აწარმოებს საუბრებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები უნდა შევასრულოთ”, – განაცხადა ბჟანიამ.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში აფხაზურ საზოგადოებაში მოსკოვის მიმართ კრიტიკა ახალი კანონმდებლობების [მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში აპარტამენტების ყიდვის შესახებ] ინიცირების პარალელურად იზრდება. საპასუხოდ მოსკოვმა აფხაზეთის საბიუჯეტო თანამშრომლებს თანადაფინანსება შეუწყვიტა და აღებული ვალდებულებები გაახსენა. შესაბამისად, აფხაზეთის ხელმძღვანელობას საზოგადოებისთვის უწევს ახსნა-განმარტებები, თუ რამდენად საჭირო სტრატეგიული პარტნიორია აფხაზეთისთვის რუსეთი და რა რისკების წინაშე დადგებიან რუსეთთან დაშორების შემთხვევაში.