ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია აფხაზებს მოუწოდებს, ნეიტრალური პასპორტები არ აიღონ

20 სექტემბერი, 2024 •
ბჟანია აფხაზებს მოუწოდებს, ნეიტრალური პასპორტები არ აიღონ

აფხაზეთში გააქტიურებულ დისკუსიას ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა.

“საშიში ინიციატივაა ეს. როგორც ჩანს, ვიღაც უკვე მზადაა აფხაზეთის მოქალაქეებს შორის ასეთი პასპორტების მისაღებად და სურს, ჰქონდეს ნეიტრალური პასპორტი. ან პირობითად ნეიტრალური პასპორტი, რომლის იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის. ყოველივე ეს მათ პროგრამაზეა მიმართული – ჩართულობა თანამშრომლობის გზით. აფხაზეთის რეინტეგრაციის პროგრამით, როგორც ამას უწოდებენ. ნეიტრალური პასპორტები ამ პროგრამის ნაწილია. ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს შეუქმნის”.

მისივე თქმით, ვისაც არ უნდა რუსეთთან ყოფნა, არ იზიარებს მის პოლიტიკას, ჩააბაროს რუსული პასპორტი, თავად რუსეთს კი აქვს პრეროგატივა, ასეთ მოქალაქეებს ჩამოართვას რუსული პასპორტები.

“მე არ ვხედავ ამის საჭიროებას და არ მივცემდი მოქალაქეებს რეკომენდაციას, ასეთი პასპორტები აიღონ. არსებობს ჩვენი, აფხაზური პასპორტები და ჩვენი მოკავშირის პასპორტები, რაც სრულიად საკმარისია. ვინმეს თუ სურს, მათ სინდისზე იყოს”.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე გაიცემა. ქართული მხარე აცხადებს, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის მისი მფლობელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი უფლებამოსილია დოკუმენტი გამოიყენოს სამგზავრო დოკუმენტად საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში დაბრუნების მიზნებისთვის. როგორც იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, “ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა განცხადება  უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლში, მობილურ იუსტიციის სახლში ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ  ტერიტორიულ სამსახურში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი