პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ასახელებს სამ პრინციპს, რომელზეც მეორე მხარის დათანხმების შემთხვევაშიც მზად არის გაერთიანდეს ლელოს ირგვლივ შექმნილ კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან”.
გახარიას თქმით, გაერთიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის ასე გვიან დაწყება შეცდომა იყო, თუმცა არც პრეზიდენტის შემოთავაზებაზე უარის თქმა იქნებოდა სწორი
„მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ამ საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში. წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში“, — განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ჩამოთვალა, რას არ დათანხმდა ხაზარაძე:
- ნეიტრალურ პლატფორმას — თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი;
- გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ და სამართლიან პრინციპს — ითქვა, რომ იქ კოალიციაა და ბევრი სუბიექტები არიან, თუმცა ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც გაურკვეველია;
- კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“.
„ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე — პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც — რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და პროცესი საბოლოოდ და სრულად ააცილა თავდაპირველ მიზანს. ამიტომ, ვუბრუნდებით თავდაპირველი მიზნისთვის აუცილებელ პირობებს და საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი საკითხებით — ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა, გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და ამ არჩევნების შემდეგ კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“… თუ „ლელო“ დღეს ამბობს, რომ თანახმაა ამ სამ პრინციპზე, ჩვენ ახლაც ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს“, — განაცხადა გახარიამ.
ნეიტრალური პლატფორმა, მისი განმარტებით, ნიშნავს ახალ პარტიას, ახალი სახელით და ნომრით, რომლის ქვეშაც ეს გაერთიანება გამოვა არჩევნებში. გიორგი გახარიამ მაგალითად დაასახელა, რომ სახელდებებს „ლელო – საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ ჩამოშორდეს პირველი სიტყვები და პარტიის სახელი დარჩეს „საქართველოსთვის“.
მოლაპარაკებები გაერთიანებაზე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობდა და შეთანხმების გარეშე დასრულდა.
კოალიციის „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ასევე ამბობს, რომ კვლავ მზად არის, ხელი მოაწეროს გაერთიანების შეთანხმებას შემდეგი პირობებით:
- გაერთიანება ნომერი 9-ის ქვეშ;
- პირობის დადება, რომ არასდროს შეუწყობენ ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას;
- ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება დასავლური ინვესტიციებით;
- ახალი გაერთიანების მართვა სრული პარიტეტით.
ხაზარაძე გახარიასთან შეთანხმებისთვის კვლავ მზადაა და ასახელებს პირობებს, რომლებზეც შეთანხმება შედგა