“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მხოლოდ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [საქართველოს ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი”, – ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აცხადებს.

გამოცემის თანახმად, კორტნი 30 წელზე მეტია, რაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებშია ჩართული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

”ვერც ერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მთავრობა ასე მტრულად განეწყობოდა დემოკრატიისა და დასავლეთისადმი”, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ფინანსური სანქციები, როგორც წინასაარჩევნო გაფრთხილება, ყოფილი ელჩი დადებითად პასუხობს

“გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება“,- გვეუბნება კორტნი.


ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.

დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ ისეთ სივრცეებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა. ასევე დაიბლოკება ორგანიზაციები, რომლებშიც სანქცირებულ პირებს 50%-იანი ან მეტი მოცულობის წილი აქვთ. სანქციები ეხება საბანკო გადარიცხვებსაც.

ასევე ვაშინგტონმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60-მდე პირს, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.