ბეჟან მატუა, სოხუმი
სოხუმში აქტივისტებზე თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთას უკავშირებენ
სამოქალაქო აქტივისტ ლია აგრბასა და ჟურნალისტ დავით გობეჩიაზე თავდასხმის შემდეგ, დღეს, საინფორმაციო სააგენტო “აიაშარაში” პრესკონფერენცია გაიმართა. ნებისმიერს შეეძლო გამოეთქვა საკუთარი აზრი. მაგრამ მეტწილად პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და ყოფილმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა ისაუბრეს. შაკრილმა დამსწრეებს ყველაზე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ინციდენტი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას უკავშირდება. იმის ასახსნელად კი, თუ როგორ, ამბავს თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ.
კვირას, 15 სექტემბერს, ორი სამოქალაქო აქტივისტი ერთმანეთს სოხუმის გარეუბანში, სოფელ იაშხუაში შეხვდა. ერთ-ერთი მათგანია ლია აგრბა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის “საზოგადოებრივ ურთიერთობათა კლუბის” ხელმძღვანელი, რომელმაც პანდემიის დროს მოაწყო ამბულატორიული ცენტრი და ორგანიზება გაუწია კოვიდ-19-თან საბრძოლო ბრიგადას. ისინი დახმარებას უწევდნენ პაციენტებს, რომელთაც საავადმყოფოში არ იღებდნენ. აგრბამ ეს გააკეთა საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებით მიღებული სახსრებით. მეორე პირი არის დავით გობეჩია – ჟურნალისტი, ბლოგერი, ორი ოპოზიციური ტელეგრამის არხის Dnews-ის და Абхазский Портал-ის რედაქტორი. თავდასხმის მომენტში ახალგაზრდები მანქანაში ისხდნენ. თავდაპირველად ორივეს წიწაკის სპრეი შეასხეს, შემდეგ დავითს თავში მუშტი ჩაარტყეს, ხოლო ლიას ჩანთა წაართვეს, სადაც მისი ტელეფონი იდო.
დაზარალებულთა თქმით, ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთმა ყველაფერი კამერით გადაიღო. შემდეგ კრიმინალები გაიქცნენ Toyota Mark X-ის მეშვეობით, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოპარული სანომრე ნიშნით იყო. მათ მაშინვე მეგობრებს შეატყობინეს, რაც მოხდა, მათ შორის- ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.
დავითმა მაშინვე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა ტელეგრამ არხზე, სადაც მომხდარზე ისაუბრა. პარალელურად, ტელეგრამ არხმა Sovmin-მა დაიწყო საინფორმაციო გადაცემის ტრანსლირება მომხდარის შესახებ კომენტარებით. ერთ-ერთ პოსტში დაცინვით ეწერა, რომ “ახალგაზრდებმა შესაბამისი ადგილი ვერ იპოვეს შაურმის საჭმელად”, მაშინ, როდესაც არსად არ არის კონკრეტულად ნახსენები, თუ რას მიირთმევდნენ კონკრეტულად აგრბა და გობეჩია. ამან გააჩინა აზრი, რომ ეს საინფორმაციო რესურსი შესაძლოა გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს ინციდენტთან.
საინტერესოა ისიც, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა ინფორმაცია ინალ არძინბას აფხაზეთში დაბრუნების შესახებ. ის საჯაროდ ჯერ არ გამოჩენილა. ჯერჯერობით ისიც უცნობია, ნამდვილად დაბრუნდა თუ არა.
ორშაბათს, 16 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო “აიაშარაში” თითქმის ყველა საზოგადოებრივი აქტივისტი შეიკრიბა. ყოფილმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა, ფაქტობრივად, საინფორმაციო ბომბი ააფეთქა. მისი თქმით, მან დანამდვილებით იცის, რომ ტელეგრამის არხი Sovmin რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის დაკავშირებული. მაგრამ როგორც შაკრილი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ აფხაზეთის პრეზიდენტთან და სწორედ ასეთი ქმედებებით აფუჭებენ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას. შაკრილი, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ბოროტებას ხედავს აფხაზეთის ხელისუფლების დერეფნებში. “რას აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი? ის აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობებს საკუთარი პირადი ინტერესებისთვის იყენებს. მას სურს დარჩეს ამ სავარძელში ისე, რომ აფხაზეთი რუსეთს დაუპირისპიროს. ამ გზით, ჩემი აზრით, ის ჩვენ შორის უთანხმოებას თესავს”, – ამბობს ასიდა შაკრილი.
პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, მწერალმა გენადი ალამიამ და ისტორიკოსმა გურამ გუმბამ. თითოეული მათგანი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების ქმედებებს და მომხდარს აგრბასა და გობეჩიას სამოქალაქო აქტივიზმთან აკავშირებდა. ალამია გაკვირვებულია იმით, რომ განსხვავებული აზრის დასჯა კვლავ დაიწყო: “უკვე ყველა აქტივისტის დაცვა მოგვიწევს”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა მსხვერპლთა სასარგებლოდ გამოთქვეს აზრი და დარწმუნებულნი არიან, რომ თავდასხმა უკავშირდება მათ სამოქალაქო პოზიციასა და საქმიანობას. გამოძიების შედეგებს ამ დრომდე ელოდებიან. მაგრამ, როგორც ჩანს, სამართალდამცავი ორგანოები გამოძიების პროცესს არ ჩქარობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშებში აცხადებენ, რომ დაზარალებულები თავად არ ცდილობენ შინაგან საქმეთა ორგანოებთან თანამშრომლობას.
პარალელურად, დაზარალებულები საკუთარ გამოძიებას აწარმოებენ.
გობეჩიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაირკვეს, ვინ განახორციელა თავდასხმა და ვინ დგას ამის უკან. თუმცა აქტივისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავდასხმა ინალ არძინბას მიერ იყო დაგეგმილი.