ათასობით ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ წევრები, დაშავდა მას შემდეგ, რაც ლიბანში ამ დაჯგუფების წევრებს პეიჯერები აუფეთქდათ. ამის შესახებ „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„ჰეზბოლას“ ანონიმური წარმომადგენელი, რომელიც გამოცემას ესაუბრა, ამბობს, რომ პეიჯერების აფეთქება იყო „უსაფრთხოების ყველაზე დიდი დარღვევა“ მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ისრაელთან წამოიწყო ომი. „ჰეზბოლაში“ მიიჩნევენ, რომ პეიჯერები (საკომუნიკაციო საშუალება) ისრაელის კიბერშეტევის შედეგად აფეთქდა. ისრაელში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
„ჰეზბოლა“, სხვადასხვა ცნობით, პეიჯერებს მობილურების ნაცვლად თვალთვალის თავიდან არიდების მიზნით იყენებს.
„ჰეზბოლა“ თითქმის ერთი წელია, საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა, მნიშვნელოვანი ესკალაციის გარეშე.
ამასთან ერთად, ირანული სააგენტოს, „მერის“ ცნობით, დაშავებულია მოჯთაბა ამანი, ირანის ელჩი ლიბანში.