ახალი ამბები

„იმედი გვაქვს, ივანიშვილი სწორ სიტყვებს აფხაზი ხალხისთვისაც იპოვის“ – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო

16 სექტემბერი, 2024 •
„იმედი გვაქვს, ივანიშვილი სწორ სიტყვებს აფხაზი ხალხისთვისაც იპოვის“ – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. გორში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში უნდა მოვიხადოთ.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მსგავი განცხადება, თუკი მას თან ერთვება რეალური ნაბიჯები, „მიმართული წარსულის შეცდომების გადააზრებაზე და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდაზე“, შეიძლება გახდეს „მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების პროცესის დასაწყისი“.

„ბატონი ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს არაერთხელ იყო ჩვენს ურთიერთობებში. [..]

გვსურს შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს, აგვისტოს პლენუმზე, საქართველოს კომპარტიის ცკ-მა დაგმო საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები აფხაზების მიმართ ი. სტალინისა და ლ. ბერიას მმართველობის პერიოდში.

1978 წლის 27 ივნისს საქართველოს კომპარტიის მე-11 პლენუმზე ედუარდ შევარდნაძემ თქვა: “პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ნაცნობ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ ტარდებოდა პოლიტიკა, რომელსაც პრაქტიკულად უნდა ვუწოდოთ შოვინისტური”. [..] სამწუხაროდ, ამან არ შეუშალა ხელი ბატონ შევარდნაძეს, 1992 წელს აფხაზეთში ომი წამოეწყო.

იმედი გვაქვს, ბატონი ივანიშვილი უფრო გულწრფელია თავის განზრახვებში და იპოვის სწორ სიტვებს აფხაზი ხალხის მიმართაც, [სიტყვებს], რომლებიც ამჯერად არ იქნება განსხვავებული საქმისგან და დამთავრდება აფხაზეთსა და საქართველოს და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის არგამოყენების საერთაშორისო გარანტიებზე დოკუმენტის ხელმოწერით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი