ახალი ამბები

რეესტრი საკუთარ თავზე არ გვაწვდის იმ ინფორმაციას, რომელსაც რუსული კანონით NGO-ებს სთხოვს

18 სექტემბერი, 2024 •
რეესტრი საკუთარ თავზე არ გვაწვდის იმ ინფორმაციას, რომელსაც რუსული კანონით NGO-ებს სთხოვს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რუსული კანონის აღმასრულებელი ახალი დეპარტამენტის თანამშრომლების შესახებ იმ ინფორმაციას არ გვაწვდის, რის დეკლარირებასაც რუსული კანონით თავად ავალდებულებს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს.

აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთის თანამშრომელმა, კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან 30 აგვისტოს გამოითხოვა. სწორედ იმ დღეს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა და პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელს ჰკითხა, შეუძლიათ თუ არა საჯაროდ თქვან სახელით და გვარებით იმ ადამიანების ხელფასები, რომლებიც ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში იმუშავებენ. ეს სწორედ ის დეპარტამენტია, რომელმაც რუსული კანონის აღსრულებაზე უნდა იმუშაოს.

პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძემ უპასუხა: „შეგიძლიათ გამოითხოვოთ და მოგაწოდებთ“.

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის ამ პასუხის შემდეგ, ნეტგაზეთმა რეესტრიდან შემდეგი ინფორმაცია გამოითხოვა:

  • რამდენი თანამშრომელი არის დასაქმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში დასაქმებული ყველა თანამშრომლის: სახელი და გვარი, პირადი ნომრები და მათი საბანკო ანგარიშის ნომრები, რომელზეც მათ ანაზღაურება ერიცხებათ;
  • რამდენია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში დასაქმებულ თითოეულ ადამიანის შრომის ანაზღაურება.

საჯარო რეესტრს ნეტგაზეთის თანამშრომლისთვის ინფორმაცია, კანონით დადგენილ, 10 სამუშაო დღეში უნდა მიეწოდებინა. თუმცა ეს არ გააკეთა. 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ ნეტგაზეთის თანამშრომელი უწყებას დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ პასუხის გაცემისთვის ვადის გადაცილების გამო განცხადება კონტროლზეა გადაცემული.

 

ფოტო: განცხადების ასლი, რომლითაც ნეტგაზეთის თანამშრომელმა საჯარო რეესტრს მიმართა

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი ინფორმაცია გამოცემა „ბათუმელებსაც“ ჰქონდა გამოთხოვილი. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოცემა „ბათუმელებს“ იმაზე ნაკლები ინფორმაცია მიაწოდა რუსული კანონის აღმასრულებელი ახალი დეპარტამენტის თანამშრომლების შესახებ, ვიდრე ამას რუსული კანონით თავად ავალდებულებს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს.

ფოტო: „ბათუმელების“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია

რეესტრს არც „ბათუმელებისთვის“ მიუწოდებია  ჩაშლილი ინფორმაცია დეპარტამენტში დასაქმებული ადამიანების ვინაობაზე. რეესტრმა „ბათუმელებს“ მიუთითა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია მათივე ვებგვერდზე, ხოლო ჩაშლილი ინფორმაცია თუ ვინ არიან და რა ოდენობის ანაზღაურებას იღებენ ცალკეულ პოზიციებზე დასაქმებულები, საჯარო რეესტრს გამოცემისთვის არ მიუწოდებია.

აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის ფარგლებში ყოველგვარი დასაბუთებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშეა ვალდებული არასამთავრობო ან მედია ორგანიზაცია, გაასაჯაროოს რა ხელფასს უხდის თანამშრომლებს ან ბენეფიციარებს მათი ვინაობების, პირადი ნომრებისა და საბანკო ანგარიშების მითითებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი