ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ელჩი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.
„ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.
ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით.
ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული.
საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ!“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.