ახალი ამბები

რუსული კანონის აქციებზე პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულები არ გამოიძიეს – საია

13 სექტემბერი, 2024 •
რუსული კანონის აქციებზე პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულები არ გამოიძიეს – საია

საიას განცხადებით, ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

საიას [საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის] განცხადებით, ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია.

„ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს 9 პირის სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების კონტექსტში. ამ პირთა მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეპატიმრობა , რომელიც არც გადასინჯვის შედეგად შეცვალა.

იმ ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

წლების განმავლობაში საიას მონიტორინგი ადასტურებს, რომ დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა ხშირად ფორმალური ხასიათისაა და არ ხდება ინდივიდუალური შეფასება, რაც აჩენს შეკითხვებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საია.

სახალხო დამცველის განცხადებით, რუსული კანონის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების (200-ზე მეტი პირი) ნახევარზე მეტი მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ზემოაღნიშნული დასტურდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციითაც, რომლის მიხედვით, ქსელის ადვოკატების მიერ მონახულებული 190-მდე დაკავებული პირიდან უმეტესობა მიუთითებდა, რომ ნაცემი იყო.

საიას განცხადებით, საყურადღებოა, რომ დაკავებულთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვისგან, ვინაიდან არ ჰქონდათ გამოძიების სრულყოფილად, ობიექტურად წარმართვის და რაიმე კონკრეტული შედეგის დადგომის მოლოდინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი