ახალი ამბები

ბესარიონ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა – პროკურატურა

12 სექტემბერი, 2024 •
ბესარიონ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, თურქეთიდან საქართველოში ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა.

უწყების ცნობით, ფარიდ გურბანოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა.

გამოძიების თანახმად, ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

„2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი