„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სენატორების კითხვებს უპასუხა.

სენატორ კრის კუნსის კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს რუსული აგრესიის წინაშე მყოფი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად, გიგაურმა უპასუხა:

„დააწესეთ სანქციები. თუმცა, ძალიან გთხოვთ, დააწესეთ ისინი კონკრეტული პირების და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტიანი იყო ამ ბრძოლაში“, – თქვა გიგაურმა.

გარდა ამისა, თავის მისასალმებელ სიტყვაში გიგაურმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველოს და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართველთა საქმე აშშ-მა ან ევროპამ უნდა გააკეთოს.

„საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამ ტიპის კანონების მიღებასთან ერთად, ავტოკრატიული მმართველები მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იწყებენ მოქმედებას – ერთდროულად რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აძლიერებენ, თან საზოგადოებას ხლეჩენ და ძირს უთხრიან აშშ-თან და ევროკავშირთან პარტნიორობას.

საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად. სამი ათეული წელია, ზუსტად ასეთ პარტნიორად იქცა ჩვენთვის ამერიკა, როდესაც ქართველებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვაში გვეხმარებოდა“, – თქვა გიგაურმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ რუსული კანონი რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად მიიღო.

„საქართველოში „რუსულ კანონს“ სახალხო მღელვარება მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის.

რუსეთში აპრობირებული ავტოკრატიული მიზნები მარტივია: კრიტიკული ხმების ჩახშობა, სამოქალაქო სივრცის ჩაკეტვა და თავისუფალი მედიის გაქრობა. ამ მიზნების მიღწევისთვის კი კანონიერების ცრუ ფასადით შენიღბული ანტიარასამთავრობო კანონმდებლობა ძალიან მოხერხებული იარაღია.

ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს. ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია“, – განაცხადა გიგაურმა.