“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუცია შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის მიმართ, მაგრამ სომხეთის კონსტიტუცია არ შეიცავს მსგავს პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ.
“სურს აზერბაიჯანს, რომ ჩვენი კონსტიტუცია შეიცავდეს მის წინააღმდეგ მოთხოვნას, თუ მას აქვს გულწრფელი შიში, რომ ასეთი ფენომენი არსებობს?” – იკითხა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, შეუძლებელია რატიფიცირებული იყოს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ შეთანხმების რატიფიცირებისას, სომხეთის მოქმედი კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ არსებობს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, ნებისმიერ შემთხვევაში საერთაშორისო ხელშეკრულებას უპირატესობა აქვს.
“ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეს დოკუმენტი ხელმოწერილი და რატიფიცირებული იქნება, აზერბაიჯანის შეშფოთება მთლიანად მოიხსნება”, – განაცხადა ფაშინიანმა.
შიშთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შემდგომში გაჩნდეს ტერიტორიული პრეტენზიები, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თუ ეს შიში გამართლდება, ის არ იქნება დამოკიდებული სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.
ფაშინიანი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუცია აშკარად შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის მიმართ. თუმცა სომხეთი ამ საკითხს დღის წესრიგში არ აყენებს, რადგან ზემოხსენებული სამშვიდობო ხელშეკრულების პროცედურა აზერბაიჯანზეც აისახება და საკითხი მოგვარდება.
სომხეთის პრემიერის თქმით, სომეხი დამოუკიდებელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანი სომხეთის კონსტიტუციასთან დაკავშირებული დისკუსიებით ჩიხში შედის, რომ საკუთარ კონსტიტუციაში დატოვოს ღია ტერიტორიული პრეტენზიები.
“ესე იგი, სომხეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ, ამიტომ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი, რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუციაში სომხეთის მიმართ პრეტენზიებს კვლავ აქვს იურიდიული ძალა”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
“მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ყოველ შემთხვევაში, მის ძირითად პრინციპებზე, რამდენიმე თვეში. უნდა აღვნიშნო, რომ ოკუპაციის დროს შუამავლების გეგმა იყო შეთანხმების მიღწევა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც მადრიდის პრინციპები ეწოდება. უნდა მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ ტექსტის შედგენა. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ვარიანტი – მივაღწიოთ შეთანხმებას ძირითად პრინციპებზე, მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ დაიწყოს ტექსტზე მუშაობა”, -აღნიშნა ილჰამ ალიევმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ მოხდება.
იგივე მოთხოვნა აზერბაიჯანს აქამდეც გაუხმიანებია.