ახალი ამბები

„ლელოს“ აქტივისტი იარაღის შეძენა/შენახვის ბრალდებით დააკავეს

10 სექტემბერი, 2024 •
„ლელოს“ აქტივისტი იარაღის შეძენა/შენახვის ბრალდებით დააკავეს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იორმუღანლოში „ლელოს“ მხარდამჭერი და აქტივისტი დააკავეს, პარტია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული ვუსალ კაიბოვი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ ჩხრეკისას ამოღებული იარაღი კაიბოვის ან მისი ოჯახის წევრებს არ ეკუთვნის.

„ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა აგრძელებს პოლიტიკურ დევნას. გუშინ იორმუღანლოში, ჩვენი რეგიონული ლიდერის აგილ მუსტაფაევის ვიზიტის პარალელურად, დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი ვუსალ კაიბოვი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იყო შეკრებილი“, — განაცხადა „ლელოს წევრმა საბა ბუაძემ და დასძინა, რომ კაიბოვის დაკავება ცალსახა პოლიტიკური დევნის გამოხატულებაა.

„ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ძალიან ცალსახა მაგალითი. ვუსალ კაიბოვის სახლშიც ჩაატარეს ჩხრეკა. ვითომდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოღებულ იქნა გაურკვეველი იარაღი, რომელთანაც არანაირი შემხებლობა იმ ადამიანებს არ ჰქონიათ“, — დასძინა საბა ბუაძემ.

ვუსალ კაიბოვის ახლობლები „ტვ პირველთან“ ამბობენ, რომ პოლიციამ ორი თოფი, რომელთაგან ერთი არ მუშაობდა, სახლის სახურავიდან ამოიღო და იარაღი, სავარაუდოდ, კაიბოვის აწ გარდაცვლილ ბაბუას ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი