ახალი ამბები

კიევმა საქართველოდან უკრაინის დროებითი რწმუნებული გაიწვია

9 სექტემბერი, 2024 •
კიევმა საქართველოდან უკრაინის დროებითი რწმუნებული გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოდან გაიწვია უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული. როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამას იმით ხსნიან, რომ „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები არ შეიძლება ომის რეალობას იყვნენ მოწყვეტილნი“.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში მიხაილო ხარიშინი იყო:

„მე ნათლად განვაცხადე, თუ რას არის ელჩის ეფექტური მუშაობის კრიტერიუმი. ეს ნიშნავს კონკრეტულ შედეგებს, გამბედაობასა და პროაქტიულობას. ომში მყოფი ქვეყნის ელჩები არ შეიძლება ომის რეალობას მოწყვეტილნი იყვნენ. ამის გამო გადავწყვიტე გავიწვიო უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში“, — აღნიშნა ანდრიი სიბიჰამ, უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი ინფორმაციით, კიევის გადაწყვეტილება პოლიტიკური აქტი არ არის, როგორც ეს 2022 წელს ელჩის გაწვევა იყო და კიევს პრობლემა ჰქონდა რწმუნებულის კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან.


ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში დაიძაბა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობდა ვოლოდიმირ ზელენსკი ელჩის გაწვევის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში.

2023 წლის ივლისში კი უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პროტესტი გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩისადმი შეთავაზებულ იქნა, დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად“, — აცხადებდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. კიევი ზაქარაშვილმა აღნიშნულიდან ორი დღის შემდეგ დატოვა.

საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ საუბრობდა უკვე გაწვეული დროებითი რწმუნებული რამდენიმე დღის წინ IPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მიხაილო ხარიშინი აცხადებდა, რომ იმ დროს, როცა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება მზადდებოდა საქართველოში ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად, საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან „გაუგებარი რიტორიკა“ წამოვიდა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, აღნიშნულს მალევე შეუერთდნენ სხვა ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის საპარლამენტო კორპუსის წევრებიც, ასეთ ფონზე კი უკრაინა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა.

ხარიშინის ამ განცხადების საპასუხოდ მაშინ კობახიძემ თქვა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას კიევმა უნდა გადახედოს და არა თბილისმა.

ვრცლად წაიკითხეთ: „ელჩის დანიშვნაზე ბრძანება მზადდებოდა, როცა თბილისიდან გაურკვეველი რიტორიკა წამოვიდა“ — უკრაინის საქმეთა რწმუნებული

მასალების გადაბეჭდვის წესი