მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” მიღწევებს შორის დაასახელა საზღვრების გახსნა და ვაჭრობა ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან. ამავე კონტექსტში მოიხსენია ქვეყნის ახალი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი.
ახალციხეში, ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან თანაბარი მნიშვნელობის მოვლენად წარმოადგინა ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან – გაერთიანებასთან, რომლისკენ სწრაფვა ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული, რასაც მხარს უჭეირს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან. ასევე, ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩინეთთან.
“1-ლი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში […] გაიხსნა ქვეყნის საზღვრები – ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში; გავხსენით უზარმაზარი სავაჭრო ბაზრები: ევროკავშირის ბაზარი, სადაც ჩვენს ხალხის შეუძლია ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეიტანონ და გაყიდონ წარმოებული პროდუქცია. გავხსენით უზარმაზარი ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი; დღეს სრული თავისუფლება აქვს ხალხს გადაადგილების, ვაჭრობის, მეწარმეობის, საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაახლოებით 10 წუთი ისაუბრა და აქედან 3 წუთიც კი არ დაუთმია “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის შედეგებზე საუბრისთვის. გამოსვლის უდიდესი ნაწილი ღარიბაშვილმა ოპონენტების კრიტიკასა და მარგინალიზაციას დაუთმო. მან გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ ფრანგზე არა რამდენიმე გაერთიანება, არამედ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობაა”. ამის მიუხედავად, მან ცალ-ცალკე ჩამოთვალა და გააკრიტიკა ყველა ოპოზიციური კოალიცია და მათი ლიდერი.
“ქართული ოცნების” ლიდერები ახალციხეში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდნენ. პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ტრადიციულად, შუშის ტყვიაგაუმტარი კონსტრუქციას ამოფარებული მიმართავდა ამომრჩეველს. მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდოამრე, დედაქალაქის მერი და სხვა ლიდერები დამცავ ფარს მიღმა იდგნენ. ივანიშვილისთვის გამოყოფილი იყო ცალკე ტრიბუნაც.