აშშ არ გამორიცხავს, აგენტების შესახებ რუსული კანონის გამო, „დამატებითი ნაბიჯი“ მიიღოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, იუწყება „ამერიკის ხმა“.
“საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ამერიკის ხმის” დასმულ კითხვაზე პასუხად [„ამერიკის ხმის“ თარგმანი].
„ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი.
როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის – პარტია “ქართული ოცნების” წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა”, – განმარტავს მილერი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს “არ გამორიცხავს”.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.