ახალი ამბები

აგენტად რეგისტრირებაზე უარს ამბობს მოხევეთა ორგანიზაცია, რომელიც თრუსოს ხეობის დაცვაზე მუშაობს

3 სექტემბერი, 2024 •
აგენტად რეგისტრირებაზე უარს ამბობს მოხევეთა ორგანიზაცია, რომელიც თრუსოს ხეობის დაცვაზე მუშაობს

ორგანიზაცია „ლომეკი“ საქმიანობას აჩერებს და აცხადებს, რომ რუსული კანონის აღსრულების ფარგლებში შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირებულა და ამას არც აპირებს.

„ლომეკი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობა შეეხება ხევის კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზებას; მივიწყებული მოხეური ტრადიციების აღდგენასა და პოპულარიზებას. ამზადებს პუბლიკაციებს ხევის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. დააარსა ეთნოფესტივალები „გაიბოტნობა“ და „თრუსო“. 2021 წლიდან მუშაობს „თრუსოს ხეობის დაცული ლანდშაფტის“ კანონის აღსრულების საკითხებზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირსება და ამ ქვეყნისა და  ხევის კულტურული და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე  ზრუნვა. ლომეკი  ამას  აკეთებდა წლების განმავლობაში სრულიად უანგაროდ და ახლაც გავაგრძელებთ, როგორც საინიციატივო ჯგუფი.

ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი სათემო და მცირე ორგანიზაციებისათვის,  ჩვენთვისაც თვითმიზანი არ ყოფილა ყბადაღებული გრანტების თემა. პირიქით, ჩვენი რესურსებით ვცდილობდით და ვცდილობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და კონკრეტული საკითხების ადვოკატირებას,  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და ეს არაერთხელ წარმატებით შევძელით“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

„ლომეკის“ ინფორმაციით, როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელს, მათ არაერთი პროექტი განახორციელეს შეერთებული შტატებისა და ევროპის ფონდების დახმარებით თრუსოს ხეობის პირველადი სახით შენარჩუნებისთვის, ცალკეული ძეგლების დაცვისა და კვლევებისთვის.

„ჩვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია სახელმწიფოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავების გზაზე. თუმცა, ე.წ. რუსული კანონის გამო, ეს პროცესიც შეჩერებულია,  რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია დააფინანსოს მსგავსი პროექტები და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა დონორი ორგანიზაციების ხელის შეშლისათვის. თუმცა,  მისივე დაფუძნებული აიპები ახლაც აგრძელებენ დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ათვისებას, რომელიც ძირითადად სახელფასო დანამატია და არა რაიმე საერთო სიკეთისთვის დახარჯული თანხა“, — ამბობენ ორგანიზაცია „ლომეკში“.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხეობის ძეგლთა ინვენტარიზაცია, ძეგლთა დაცვა, მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა როგორც ბევრ სხვა სფეროში, სახელმწიფოს როლს ამ მიმართულებითაც სამოქალაქო საზოგადოება კისრულობს.

„ლომეკში“ საუბრობენ იმაზეც, რომ „კამარა ჰესის“ მშენებლობის ხელისშემშლელი კამპანიის შემდეგ, როდესაც, მათი თქმით, ამხელდნენ სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან „არაერთ უმსგავსო საქციელს“, ისინი დევნის ობიექტებად იქცნენ.

„იურიდიული სტატუსის შეჩერება და სოლიდური ჯარიმა  ვერ გახდება ჩვენთვის ხელისშემშლელი და ეს თავადაც კარგად იციან“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და  25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი