ახალი ამბები

„გირჩი“ ამბობს, რომ რამდენიმე ოლქში ენმ-სთან კოორდინაციაზე შეთანხმდა

3 სექტემბერი, 2024 •
„გირჩი“ ამბობს, რომ რამდენიმე ოლქში ენმ-სთან კოორდინაციაზე შეთანხმდა

საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან “დაიტოვე”  ( *იხილეთ განახლება) რამდენიმე საარჩევნო ოლქში კოორდინაციაზე შეთანხმდნენ, რათა მათი თქმით, უკეთ დააკვირდნენ არჩევნებს და დაიცვან ხმები.

პარტიაში ამბობენ, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად.

„ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ჩვენ უკვე შევთანხმდით “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “დაიტოვე”-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები“ — აცხადებენ „გირჩში“.

პარტიაში ამბობენ, რომ თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის.

„წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ, ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ,“ — აცხადებენ პარტიაში.

განახლება:

მოგვიანებით, მოძრაობა „დაიტოვემ“ განცხადება გაავრცელა და აღნიშნეს, რომ „გირჩთან“ არ თანამშრომლობენ. მოძრაობის ინფორმაციით, პროექტი „დაიცავი“, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე თვის წინ პარტიასთან საუბარი შედგა, მათი გუნდის ყოფილი წევრის წამოწყება იყო, „დაიტოვე“ კი ერთ თვეზე მეტია, რაც გამიჯნულია „დაიცავისგან“. შესაბამისად, შეიცვალა სტატიის სათაურიც:

„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჯგუფი დაიტოვე კონკრეტულ პარტიასთან კოორდინირდება არჩევნებზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტი ”დაიცავი” რომლის ფარგლებშიც შედგა პარტიასთან რამდენიმე თვის წინ საუბარი, იყო ჩვენი ყოფილი გუნდის წევრის წამოწყება. ჩვენი გუნდი უკვე ერთ თვეზე მეტია რაც გამიჯნულია დაიცავისგან და ყველა ის წინასწარი მოლაპარაკება რაც ამ პროექტის ირგვლივ იყო, მათ შორის გირჩთან და სხვა პარტიებთან ნებისმიერი კოორდინაციაც, დაიტოვესთან არ არის და არასდროს იქნება არანაირ კავშირში“ — აცხადებენ მოძრაობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი