სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 32 წლის კაცი, რომლესაც პედოფილია, გარყვნილი ქმედება და სექსუალური გამოძალვა ედება ბრალად. უწყება 8 სხვადასხვა ბავშვის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე აწარმოებს გამოძიებას.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა შექმნა ფეისბუქისა და ინსტაგრამის ყალბი გვერდები. ამ გვერდების მეშვეობით ის 15 წლის ბიჭის სახელით ეცნობოდა 10-დან 18 წლამდე ასაკის ათობით გოგონას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნდობის მოპოვების შემდეგ კაცი მათ აიძულებდა ინიტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. ასევე, აშანტაჟებდა, რომ საჯაროდ განთავსებულ მათ ფოტოებს დაამონტაჟებდა და უხამსი შინაარსით გაავრცელებდა მათ მეგობრებსა და ნათესავებთან.
“შიშის ქვეშ მყოფი მსხვერპლი ბავშვებისგან, ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების მოპოვების შემდეგ, ამავე ფოტოების გავრცელების მუქარით, ბრალდებული არასრულწლოვანებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კაცის დაკავების შემდეგ, უწყებამ მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, სადაც არასრუწლოვანი გოგონების ინტიმური შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების გარდა, აღმოაჩინეს სამხედრო ვაზნები.
არასრულწლოვანების ინტიმური შინაარსის ფოტოებსა და ვიდეოებს უწყება კანონით დადგენილი წესით გაანადგურებს. თავად არასრულწლოვანებს კი “დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს”.
დაკავებულ კაცს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული 5 დანაშაულის ჩადენა:
- 157¹ -ე მუხლის 1-ლ ნაწილი – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა;
- 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი – ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა;
- 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ცნობის გახმაურების მუქარით;
- 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სექსუალური შინაარსის სხვაგვარი ქმედება;
- 141-ე მუხლის 2-ე ნაწილის ვ ქვეპუნქტი – გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ;
აღნიშული დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, “რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული ბრალდებულის მიერ ყალბი პროფილების გამოყენებით ათეულობით მცირეწლოვან და არასრულწლოვან გოგონებთან განხორციელებული მიმოწერები და კომუნიკაცია”.
დანაშაულების მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე უწყება საზოგადოებას სიფრტხილისკენ მოუწოდებს.
“მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან/გაჯეტებთან წვდომის დროს”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოზიებო სამსახურში.
სპეციალურ საგამოძოებო სამსახურს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 199
ასევე, შესაძლებელია პირადად მიხვიდეთ უწყების ოფისებში ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში:
- თბილისი (სათაო ოფისი) – მ. ასათიანის ქუჩა #9
- ქუთაისი – ი. აბაშიძის გამზირი #22
- ბათუმი – გ.მ აზნიაშვილის ქუჩა #54
- ზუგდიდი – კოსტავას ქუჩა #58
- თელავი – ერეკლე II-ის გამზირი #16
სპეციალური საგამოძიებო სამსახური იცავს გამცხადებლის კონფიდენციალობას. ასევე, უწყებაში ფუნქციონირებს მსხვერპლთა დახმარების სამმართველო, რომლის სპეციალიზებული თანამშრომლები მხარდაჭერას აღმოუჩენენ დანაშაულის მსხვერპლ პირებს.