ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გაეროში გაწევრიანებაა – შამბა

3 სექტემბერი, 2024
აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გაეროში გაწევრიანებაა – შამბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გამოცემა “იზვესტიას” განუცხადა, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო] ერთ-ერთ მთავარ მიზანს გაეროში გაწევრიანება წარმოადგენს.

“რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს არის პროცესის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის. ეს ყველაფერი ლოგიკურად ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. და არავის გაუუქმებია ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომლის წინაშეც ვდგავართ,”- განაცხადა შამბამ.

შამბამ გამოცემასთან აღნიშნა, რომ სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკა. მისი თქმით, აფხაზეთს აქვს უარყოფითი გამოცდილება, როდესაც შეერთებული შტატები და მისი პარტნიორი ქვეყნები განაგრძობდნენ მნიშვნელოვან ზეწოლას იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც რესპუბლიკას [დე ფაქტო] ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა.

“სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ კონტაქტი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ პირდაპირი ზეწოლა. მიუხედავად ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობების ძიებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად და ვეძებთ ახალ პარტნიორებს. ამ საკითხებში ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის,” – აღნიშნა შამბამ.

სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთს [დე ფაქტო] სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. აქამდე იგი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

შამბას დანიშვნის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში განაცხადეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“.

შამბა დე ფაქტო საგარეო უწყებას 1997-2010 წლებშიც ხელმძღვანელობდა. წარსულში იგი ამბობდა, რომ „ქართველებს მტრად არ მიიჩნევს“ და საქართველოსთან დიალოგის საჭიროებაზე საუბრობდა.

შამბამდე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ინალ არძინბა იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი