ახალი ამბები

ომბუდსმენი მინისტრს მიმართავს, შეცვალოს რუსულ კანონზე გამოცემული ბრძანება

2 სექტემბერი, 2024 •
ომბუდსმენი მინისტრს მიმართავს, შეცვალოს რუსულ კანონზე გამოცემული ბრძანება

სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს რუსული კანონის აღსრულებისთვის გამოცემულ ბრძანებაში ისე, რომ პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს.

რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს 30 აგვისტოს ზოგადი წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის შეფასებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყველა ასეთ საქმეში, ხელისუფლებაზე დაკისრებულია მძიმე ტვირთი, გაამართლოს შესაბამისი შეზღუდვის აუცილებლობა.

„ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

რუსული კანონის აღსასრულებლად იუსტიციის მინისტრმა ბრძანება პირველ 1 აგვისტოს გამოსცა, რომლის დისკრიმინაციულობის საკითხი სახალხო დამცველმა შეისწავლა.

იუსტიციის მინისტრის ბრძანება რუსული კანონით გათვალისწინებულ რეესტრის საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს.

ამ ბრძანების საფუძველზე, რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ საფინანსო დეკლარაციაში ასასახი, როგორც დასაქმებულთა, ასევე მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაქირავებული ექსპერტების, ბენეფიციარების და სხვა პირთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სხვ.) საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება.

ამ ინფორმაციის გასაჯაროებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციაც კი არ ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი