გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო ცენტრის“ განცხადებით, რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში რეგისტრირდებიან, რადგან რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ჯარიმის მიღება სამომავლოდ მათი ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს.
თუმცა ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ რუსული კანონი არ გაუქმდა, მაშინ მუშაობას აღარ გააგრძელებენ და დაიხურებიან.
„რადგან რუსული კანონის გაწვევის საკითხი ჯერ ბუნდოვანია, იურისტებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჯარიმის მიღება სამომავლოდ ჩვენი ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს და ამიტომ მივიღეთ მართლა ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება.
თუმცა, არჩევნების შემდეგ, თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ორგანიზაციულ მუშაობას არ გავაგრძელებთ. ჰოდა, ამ მავნებლური კანონის უტიფარი დამცველები რომ აფრიალებენ 233 ორგანიზაციაა უკვე დარეგისტრირებულიო, ეს არ ნიშნავს, რომ 233 აგრძელებს მუშაობას და ეთანხმება კანონს. თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ვიხურებით ამ კანონის გამო“, – ნათქვამია „ეკო ცენტრის“ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია „ეკო ცენტრი“ აცხადებს, თუ არჩევნების შემდეგ რუსული კანონი არ გაიწვიეს, დახურავენ ოფისს და მოიფიქრებენ, რა გზით გააგრძელებენ ფუნქციონირებას, თუ მათი თქმით, ამას საერთოდ შეძლებენ.
„თუმცა, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სახელით ეს არ იქნება. ამიტომ უკვე დიდი ხანია ახალ პროექტებს არ ვწერთ. არჩევნებამდე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რათა უფრო მეტ მოქალაქეს ველაპარაკოთ გარემოს დაცვის და ძლიერი სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე.
ასევე, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს დაპირებას და 20 ოქტომბრის ჩათვლით მოტანილი პლასტმასისა და მაკულატურის სანაცვლოდ, ოქტომბრის ბოლოს გავცემთ ნერგებს და ასევე, გავამწვანებთ რუსთავის ჭალის ტყეს (დიახ, მათ შორის ასეთი საქმიანობისთვის გვრაცხავენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად)“, – ნათქვამია ორგანიზაცია „ეკო ცენტრის“ განცხადებაში.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.








