ახალი ამბები

რუსული კანონის გამო ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია მუშაობას აჩერებს

30 აგვისტო, 2024 •
რუსული კანონის გამო ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია მუშაობას აჩერებს

“პროექტი ცხოველებისთვის” არის ცხოველების მოყვარული რამდენიმე აქტივისტის გაერთიანება, რომლებიც არსებობის 4 წლის მანძილზე მუდმივად ზრუნავდნენ ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობაზე. რუსული კანონის გამო ორგანიზაცია მუშაობას დროებით, არჩევნებამდე აჩერებს.

“ვიმედოვნებთ, რომ ქართველ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს 26 ოქტომბერს და დავუბრუნდებით კარგი საქმეების კეთებას”, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე.

ის გვიყვება, რომ პანდემიის დროს, მაშინ, როცა ყველაფერი ჩაიკეტა და მიუსაფარი ცხოველები ზრუნვის გარეშე დარჩნენ, გადაწყვიტეს მათი მხარდამჭერი პროექტი გაეკეთებინათ. ამას მოჰყვა ორგანიზაციის დაარსება და უფრო მნიშვნელოვან გამოწვევებთან შეჭიდება.

“2020 წელს, პანდემიის დროს დიდი პროექტი გვქონდა – რადგან ყველაფერი გაჩერებული იყო და მიუსაფარი ცხოველები შიმშილობდნენ, საკვები გავაგზავნეთ რეგიონებში მოხალისეობრივად. მთელი წელი ვკვებეთ ასე მიუსაფარ ცხოველები, რომ ეს რთული პერიოდი გადაეტანათ.

შემდეგ დავაფუძნეთ ორგანიზაცია. გარდა ინდივიდუალურად ცხოველების დახმარებისა, გადავედით ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეეხებოდა ადვოკატირებას, პოლიტიკის შეცვლას, ახალი კანონის ლობირებას და სხვა მსგავს საკითხებს”, – გვიყვება მარიამი.

ორგანიზაციაში დასაქმებულები აქტივისტები არიან, რომელთა ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყარო სხვა ცხოველების დაცვას არ უკავშირდება. როგორც ამბობენ, “ამ ყველაფერს ისედაც ნახევრად მოხალისეობრივად ვაკეთებდით და ვაკეთებდით სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს!”

“ჩვენი საქმიანობით დონორი ორგანიზაციები დაინტერესდნენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც NDI-ს ერთ-ერთ კვლევაში მე-3 ადგილზე დასახელდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. სხვადასხვა დროს, გაეროსთან, ევროკავშირთან, USAID-თან ერთად გავაკეთეთ სხვადასხვა პროექტები ადვოკატირებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ. ბოლოს ვიმუშავეთ პროექტზე, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკის გამოწვევებს ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით, იმ ჩავარდნებთან დაკავშირებით, რაც კანონმდებლობაში გვაქვს ამ მიმართულებით, შევადარეთ ევროპისა და ამერიკის პრაქტიკას, გადავამზადეთ 30-ზე მეტი რეგიონული აქტივისტი, გავაკეთეთ კვლევა და შევიმუშავეთ სახელმძღვანელო და ა.შ. მოკლედ, ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ”, – გვიყვება მარიამი.

რატომ აჩერებენ საქმიანობას? მარიამი აცხადებს, რომ რუსული კანონის ქვეშ მუშაობა მათთვის პრინციპულად მიუღებელია.

“ეს კანონი აფერხებს ჩვენს საგარეო კურსს. გვაშორებს იმას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია და რაზეც მთელი საქართველო ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროკავშირისკენ და NATO-სკენ სვლა. კანონს, რომელიც ამ გზას გვაშორებს, ნამდვილად არ დავემორჩილებით, არ დავრეგისტრირდებით. ეს არის ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.

ჩვენ თავიდანვე სასტიკი წინააღმდეგები ვიყავით ამ კანონის და ვაპროტესტებდით. მე პირადად მთელი ცხოვრება ევროინტეგრაციის საკითხებზე ვმუშაობ, მათ შორის, ვიყავი საჯარო მოხელე და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული და ემოციურად მძიმეა ეს ამბავი. დონორებს უკვე ვეღარ მივმართავთ, რომ დაგვაფინანსონ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვაყადაღონ. რა თქმა უნდა, ცხოველების დახმარებას გავაგრძელებთ, მასშტაბურ პროექტებს, რასაც ვგეგმავდით, როგორც გვინდოდა და რამდენი კარგი გეგმაც გვქონდა, არჩევნებამდე ვეღარ გავაკეთებთ”, – ამბობს მარიამი.

ჯერ კიდევ 15 მაისს ორგანიზაციამ, სხვა ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად, გამოაქვეყნა რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი