ახალი ამბები

ომბუდსმენმა რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოს მიმართა

29 აგვისტო, 2024 •
ომბუდსმენმა რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოს მიმართა

დღეს, 29 აგვისტოს, სახალხო დამცველმა რუსული კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

„სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა და არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მოთხოვნების დაწესებით შესაძლოა, გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი შეიქმნას ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს მათი შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ განხილვა დღეს, 29 აგვისტოს, დაიწყო.

სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა.

რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია.

მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე. სწორედ ამ საკითხებზე განხილვა დაიწყო საკონსტიტუციომ 29 აგვისტოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი