დღეს, 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ განხილვა დაიწყო.
სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა.
რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია.
მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე. სწორედ ამ საკითხებზე განხილვა დაიწყო საკონსტიტუციომ 29 აგვისტოდან.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება. პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე კი მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სარჩელზე წარმომადგენლები საკონსტიტუციოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი იქნებიან.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილს და არჩილ გორდულაძეს უნდა წარმოედგინათ, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადებულან.
სხდომას ავადმყოფობის გამო არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილიც.