ისრაელში 4 წლის ბავშვმა შემთხვევით 3 500 წლის სამუზეუმო ექსპონატი გატეხა.
როგორც BBC წერს, ბრინჯაოს ხანის ჭურჭელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 200-დან 1 500 წლით თარიღდება, იშვიათი არტეფაქტი იყო, რამდენადაც სიძველის მიუხედავად, თითქმის პირვანდელი სახით იყო შემონახული.
ექსპონატი მუზეუმის შესასვლელში შუშის ბარიერის გარეშე იყო მოთავსებული, რათა არქეოლოგიური აღმოჩენა დამთვალიერებელს დაბრკოლებების გარეშე ენახა. როგორც ბავშვის მამა ამბობს, მისმა შვილმა დოქი ოდნავ გადმოსწია, რადგან აინტერესებდა „რა იყო შიგნით“, რა დროსაც ჭურჭელი გადმოვარდა და დაიმტვრა.
BBC წერს, რომ ინციდენტის მიუხედავად, ბავშვი ოჯახის წევრებთან ერთად მუზეუმის ადმინისტრაციამ გამოფენის სანახავად ხელახლა მიიწვია და მას ტური მოუწყო. მუზეუმის წარმომადგენლის განცხადებით, ითვალისწინებენ, რომ ბავშვს არტეფაქტი განზრახ არ დაუზიანებია და შესაბამისად მოქმედებენ:
„არის ხოლმე შემთხვევები, როცა გამოფენილ ნივთებს განზრახ აზიანებენ, ასეთ ადამიანებს პოლიციისგან მკაცრი სასჯელი ემუქრებათ. თუმცა, ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ჭურჭელი მცირეწლოვანმა მუზეუმში ვიზიტისას შემთხვევით დააზიანა და ჩვენი პასუხიც შესაბამისი იქნება“ — აღნიშნა მუზეუმის წარმომადგენელმა BBC-სთან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გატეხილი დოქის თავდაპირველი დანიშნულება ღვინისა და ზეთისხილის გადატანა იყო. მსგავსი კერამიკული არტეფაქტები, რომლებსაც არქეოლოგიური გათხრებისას პოულობენ, როგორც წესი გატეხილია ხოლმე, რაც მუზეუმის განცხადებით აღნიშნულ ჭურჭელს „განსაკუთრებულ ღირებულებას“ სძენდა.