ახალი ამბები

რამზან კადიროვის შვილს გადაეცა ჩეჩნეთის უმაღლესი ორდენი, რომელიც კადიროვის სახელობისაა

26 აგვისტო, 2024 •
რამზან კადიროვის შვილს გადაეცა ჩეჩნეთის უმაღლესი ორდენი, რომელიც კადიროვის სახელობისაა

რამზან კადიროვის 16 წლის შვილს, ადამ კადიროვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, „კადიროვის ორდენი“ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

მაგალითისთვის „კადიროვის ორდენი“ მიღებული აქვს ვლადიმირ პუტინს. ორდენოსნებს შორის არიან რუსეთში მცხოვრები და მომუშავე კარდიოქირურგი ლეო ბოკერია და მხატვარ-მოქანდაკე ზურაბ წერეთელი.

კადიროვის შვილმა ჯილდო მიიღო, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამ პოსტს უმცროსი კადიროვი 2023 წლის 5 ნოემბრიდან იკავებს. მისი „დაწინაურება“ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის შესახებ ჭორებს მოჰყვა.

ადამ კადიროვი ცნობილი გახდა 2023 წლის სექტემბერში იმ ვიდეოს გავრცელებით, სადაც გროზნოს იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებულ რუს პატიმარს, 19 წლის ნიკიტა ჟურაველს სცემს. ამ ქმედების გამო მამამისისგან დიდი შექება დაიმსახურა „უფროსებისგან ნასწავლი ღირსეულობისა და რელიგიის დაცვის“ გამო. რამზან კადიროვმა მაშინ ჯერ კიდევ 15 წლის შვილზე თქვა, რომ ის არათუ დასჯას იმსახურებდა, არამედ უკეთესიც იქნებოდა, პატიმარს თუ მოკლავდა.

პატიმარზე ძალადობის შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადამ კადიროვმა არაერთი საზოგადოებრივი და სასულიერო ჯილდო მიიღო. „კადიროვის ორდენი“, ჯილდო, რომელიც პაპამისის, ახმატის სახელობისაა, უკვე მეათეა. ის უკვე არის „ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირი“, ფლობს ჩეჩნური პარლამენტის ჯილდოს — „მამულის ღირსება“. ჩეჩნეთს გარდა იგი დააჯილდოვეს რუსეთის, თათრეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის ჯილდოებით. ყველა ეს 9 ჯილდო უმცროსმა კადიროვმა 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე შუალედში მიიღო.

ადამი რამზან კადიროვის ფავორიტ შვილად მიიჩნევა. 8 წლიდან შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარია. არაერთი გამარჯვებაც აქვს მოპოვებული, თუმცა ეს გამარჯვებები დადგმულად მიიჩნევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველთვის თავისზე უფროსი მოწინააღმდეგეები ჰყავდა, ზოგიერთ შეჯიბრში კი სინამდვილეში მონაწილეობა არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი