ახალი ამბები

ლევილში ოდას აშენებენ რესტორნის ფუნქციით, ბიუჯეტიდან 2 680 353 ლარი გამოიყო

22 აგვისტო, 2024 •
ლევილში ოდას აშენებენ რესტორნის ფუნქციით, ბიუჯეტიდან 2 680 353 ლარი გამოიყო

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გეგმავს, ლევილის მამულში ქართული ოდა სახლი განათავსოს. მის სივრცეში იგეგმება რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის მოწყობა. ამისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომლის ჯამური ღირებულება 2 680 353 ლარია.

თანხის ნაწილი, 1 000 000 ლარი, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, დარჩენილი  1 680 353 ლარი კი 2025 წლის ბიუჯეტში გაიწერება.

ეროვნული მუზეუმი ეძებს კომპანიას, რომელიც დაამზადებს ქართული ოდა სახლის დეტალებს, წაიღებს ლევილში და იქ ააწყობს. ამისთვის მას დაახლოებით 9 თვე (280 კალენდარული დღე) ექნება.

“აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინით და კერძებით, სანიმუშო სერვისით. რესტორნის დარბაზი უმასპინძლებს 30 სტუმარს, ზაფხულის დარიან დღეებში ფართო აივანზე შესაძლებელი იქნება დამატებით 20-მდე ვიზიტორის მიღება-მასპინძლობა”, – ვკითხულობთ სატენდერო განცხადების განმარტებით ბარათში.

ოდა სახლის არქიტექტორები არიან ტარიელ კიპაროიძე და ზაზა ჯოლოხავა. მათ მიერ მომზადებულ პროექტში ოდის ფართობად 210 კვ. მეტრია განსაზღვრული. ამას ემატება 28 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. შენობა 1 მეტრის სიმაღლის ხიმინჯებზე აღიმართება. შენობის ძირითადი სივრცე იქნება 71 კვ. მეტრი ფართობის წაბლის ხის გვირგვინოსანი დარბაზი. იატაკი ნატურალური, ქართული მუხისგან უნდა დამზადდეს და მოეწყოს თბოიზოლაცია. მოეწყობა ხის ორმაგი შეფიცვრის კედლები. აივანზე ასასვლელად უნდა გაკეთდეს პანდუსიც.

ტენდერში მონაწილეობისთვის შეთავაზებების მიღება 7 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი