ბაჰრუზ სამადოვი, OC media-ს ავტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს სახელმწიფო ღალატის საქმეზე, რომელიც “სომხებთან მიმოწერას” უკავშირდება. ამის შესახებ სამადოვის ოჯახმა კავკაზსკი უზელს განუცხადა.
ბაჰრუზ სამადოვის ბებიის, ზიბეიდი ოსმანოვას თქმით, მისი შვილიშვილი 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს, როდესაც მეგობრებთან ერთად პლიაჟზე წავიდა.
“მისი გასვლიდან ნახევარ საათში ჩვენს სახლში 4-5 კაცი მოვიდა, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად გამეცნენ. მათ თქვეს, რომ ბაჰრუზზე საჩივარია შემოსული, რომ ნარკოტიკითაა დაკავებული. სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, წაიღეს მისი კომპიუტერი, პასპორტი, საზღვარგარეთ დამთავრებული ორი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი და ინგლისურენოვანი წიგნი მისი სტატიით. არანაირი ნარკოტიკი არ უპოვიათ”, – განუცხადა გამოცემას სამადოვის ბებიამ.
მისივე თქმით, მოგვიანებით მას დაურეკა მისთვის უცნობმა ადვოკატმა და უთხრა, რომ ბაჰრუზი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, ვინაიდან აღმოჩენილია მისი “მიმოწერა სომხებთან”, რომელთა შეკვეთითაც წერდა და თარგმნიდა სტატიებს.
ბებიის განმარტებითვე, ბაჰრუზ სამადოვი მომავალი პოლიტოლოგია, რომელიც კვლევების ფარგლებში, მათ შორის, სწავლობდა სომხეთსა და აზერბიაჯანის კონფლიქტს და ორივე მხარის პოზიციებს ახმიანებდა. ის ჩეხეთის კარლოვის უნივერსიტეტში დოქტორანტურის სტუდენტია და 29 დღით საზაფხულო არდადაგების გასატარებლად ჩავიდა აზერბაიჯანში. უკან დაბრუნებას კი დღეს დილით გეგმავდა.
“ბაჰრუზს ჩემ გარდა არავინ ჰყავს. მისი ორივე მშობელი დაღუპულია”.
სადიგოვის ნაცნობები ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საერთაშორისო მედიებში ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ სტატიებს უკავშირდება.