ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრეზიდენტი სამარცხვინოს უწოდებს გალში დაკავებულ ქართველებზე ოდიშარიას კომენტარს

21 აგვისტო, 2024 •
პრეზიდენტი სამარცხვინოს უწოდებს გალში დაკავებულ ქართველებზე ოდიშარიას კომენტარს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს მმართველი პარტიის დეპუტატ ბექა ოდიშარიას ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე გაკეთებული განცხადების გამო.

ზურაბიშვილის თქმით, ოდიშარიას განცხადება სამარცხვინოა, რომ “ე.წ. სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე, სულ რომ არ იცოდე, თუ რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია”:

„ეს, როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!“ — აღნიშნავს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბექა ოდიშარიას მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარი, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ „ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ“. ამასთან, ოდიშარია ამბობს, რომ საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა გადაეცეს, რომელიც „საკითხში გაერკვევა“:

„ამ შემთხვევაში, თუ ის დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცეს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში“ ,– თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

2024 წლის 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული რემიკო ჭითანავა და 1967 წელს დაბადებული მურთაზ ჭითანავა.

„აფსნიპრესის” ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმი მათ ედავება „ოფიციალურად დაწესებული საგუშაგოების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთში ადამიანების უკანონოდ გადაყვანას“. დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ დაკავებულთა საცხოვრებლის შემოწმებისას აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა RGD 5, 1600 გრამი ტროტილი და 45 გრამი პლასტიდი, აგრეთვე, ტროტილის ბლოკი, სხვადასხვა ვაზნები და დოლარის კუპიურები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. სუს-ში ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 -თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

უწყების განცხადებით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით:

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“ ,— აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი