ახალი ამბები

16 წელი აგვისტოს ომიდან | აშშ-მა, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა გაეროში დაგმეს რუსეთის ქმედებები და მხარი დაუჭირეს საქართველოს

15 აგვისტო, 2024 •
16 წელი აგვისტოს ომიდან | აშშ-მა, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა გაეროში დაგმეს რუსეთის ქმედებები და მხარი დაუჭირეს საქართველოს

საგარეო საქმეთა სამინისტომ შეაჯამა გუშინ, 14 აგვისტოს გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. თუმცა უწყებას არ უხსენებია გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, დმიტრი პოლიანსკის განცხადება ჟურნალისტებთან, რა დროსაც ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატმა აგვისტოს ომზე საუბრისას “ქართული ოცნების” პოზიცია დაიმოწმა მოსკოვის ქმედებების გასამართლებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭომ განხილა რუსეთ-საქართველოს საკითხი და არსებული ვითარება ომის 16 წლისთავზე; მოისმინეს ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ განახლებული ინფორმაცია.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღწერილა არა მხოლოდ უშუალოდ საბჭოზე განხილული საკითხები, არამედ სხდომის შემდეგ მედიასთან გაკეთებული კომენტარების შინაარსიც. მაგალითად, ნათქვამია, რომ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტისა და სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს რუსეთის ქმედებები და მხარდაჭერა გამოუხატეს საქართველოს. თუმცა უწყება არ ახსენებს რუსი დიპლომატის საუბარს ჟურნალისტებთან.

იმის საილუსტრაციოდ, რომ კრემლისა და “ქართული ოცნების” პოზიციები აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ჰგავს, დმიტრი პოლიანსკიმ წაიკითხა ციტატა საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებიდან.

„ყოველ წელს გაკვირვებული ვართ ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილით, რომ განიხილონ სააკაშვილის და მის მიერ განხორციელებული აგრესიის საკითხი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, რაც მჟღავნდება, და ქართველი მაღალჩინოსნების პოზიციებს, ეს უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხიზმს.

მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით წავიკითხავ ციტატას საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან:

„ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს მართებულად ეპარება ეჭვი სააკაშვილის ადეკვატურობაში. მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები შედეგი იყო არა მარტო მისი ფსიქიკური არასტაბილურობისა, არამედ გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და ეს იყო კარგად დაგეგმილი ღალატი.

ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საჯარო სამართლებრივი პროცესი შედგეს. გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“.

გაიხსენეთ ეს სიტყვები, როცა დასავლელი კოლეგები გამოვლენ აქ და გეტყვიან ტყუილებს, რა მოხდა მაშინ“, — განაცხადა პოლიანსკიმ.

რუსულ პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გარედან მიღებული დავალებით დაიწყო. რუსი პროპაგანდისტები “ოცნების” განცხადებას “აღიარებად” აფასებენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი