24 აგვისტოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები სოფელ ჭორვილამდე მსვლელობას და იქ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებენ.
„154 დღე კარავში. 24 აგვისტოს ვიკრიბებით ყველა სოფელ შუქრუთში 3 საათისთვის და მივდივართ მშვიდობიანი მსვლელობით სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ მთავრობას, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და შეასრულოს მედიატორის როლი“, — წერია შუქრუთელების მოძრაობის ფეისბუკ-გვერდზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ივანე ყიფიანის განჩინება 12 აგვისტოს ჩაბარდათ შუქრუთელებს. შუქრუთის მოსახლეობას, რომელიც 154-ე დღეა აპროტესტებს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას და ბლოკირებული აქვთ მაღაროებში შესასვლელები, დაევალათ, რომ „ხელი არ შეუშალონ მანგანუმის მოპოვებას“.
„საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ჯორჯიან მანგანეზის“ სარჩელი. კომპანიამ მოითხოვა სოფლის პროტესტის შეჩერება, დაზარალებული მოსახლეობის პროტესტის შეჩერება. გასაკვირია, რომ სოფლის დაზარალებული მოსახლეობისგან კომპანია ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 5 500 000 ლარის ოდენობით. ეს არის სოფლის მოსახლეობის დაშინების ერთ-ერთი მცდელობა. სასამართლო მწვანე შუქს უნთებს კომპანიას, რომ განაგრძოს უკანონო საქმიანობა. პროტესტის მსვლელობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. პირიქით, რადგან ჩვენი სახელმწიფო ვერ გვიცავს, ვერ არეგულირებს კომპანიისა და სოფლის მოსახლეობის ურთიერთობას, ჩვენ ხელთა არსებული ყველა შესაძლებლობით დავიცავთ ჩვენს ოჯახებს, სახლებს და სოფელს განადგურებისგან“, — ამბობენ პროტესტის მონაწილეები.
შუქრუთელები განჩინების გასაჩივრებას აპირებენ და მათთვის გაუგებარი რჩება, როგორ უნდა შეუწყოს ხელი მათთვის პროტესტის უფლების შეზღუდვამ კომპანიის ერთადერთი სასარჩელო მოთხოვნის, პროტესტის მონაწილეებისგან 5 500 000 ლარის მიღებას.
პროკურატურამ „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის 3 მონაწილეს ბრალი აქამდეც წაუყენა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 20 ივლისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა მაღაროში სამუშაო პროცესის აღდგენა ძალის გამოყენებით სცადეს.
შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. ამავე დროს, აცხადებენ, რომ უშედეგოდ ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევას და პროცესში ჩართვას. კომპანია ბრალდებებს უარყოფს.