29 ივლისს, სავარაუდოდ, სპეცრაზმელის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ნაცემი კაცი გუშინ, 11 აგვისტოს, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
პროკურატურამ ბრალდებულს კიდევ ერთხელ დაუმძიმა ბრალდება.
თავდაპირველად დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ფიგურირებს საქმეში და უწყება ამ დრომდე ეძებს, დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
მოგვიანებით უწყებამ წარდგენილი ბრალდებები დააზუსტა და ორივე მათგანს ბრალი 117-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით განუსაზღვრა – ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება.
ნაცემი კაცის გარდაცვალების შემდეგ მათ ბრალი ამავე მუხლის მე-4 ნაწილამდე დაუმძიმდათ, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საბოლოოდ წარდგენილი მუხლი 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს სოფელ ატენში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული 11 აგვისტოს გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საქმეზე მუშაობას.
