მოსკოვის სასამართლოში ასამართლებენ ახალგაზრდა ყირიმელ თათარ ქალს, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს.
დაკავებული ქალი, ლენი უმეროვა, რომელსაც რუსები ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, უკრაინის მოქალაქეა. მან წერილი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მის საქმეზე მოსმენა მოსკოვში შემოდგომაზე დაინიშნა.
ლენი უმეროვას წერილს სოციალურ ქსელში მისი ძმა ავრცელებს.
„ჩემს საქმეზე გამომძიებელი ჩაანაცვლეს და ცოტა ხნის წინ გამიყვანეს მასთან შესახვედრად. მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ მითხრა, რომ საორიენტაციოდ, სასამართლო შემოდგომაზე შედგება. ისიც მითხრა, რომ მოსკოვში გამასამართლებენ და არა კავკასიაში. თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ“, — სწერს ოჯახის წევრებს ლენი უმეროვა.
25 წლის ყირიმელი თათარი ქალი რუსეთის უშიშროების სამსახურმა 2022 წლის 4 დეკემბერს დააკავა მას შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. ის დროებით ოკუპირებულ ყირიმში დაბრუნებას ცდილობდა, რომ კიბოთი დაავადებული მამისთვის მიეხედა. უმეროვას აკრძალული ზონის წესების დარღვევა დააბრალეს. მერე კი, ლეფერტოვოს სასამართლოს განკარგულებით, მოსკოვმა ჯაშუშობის ბრალდებით გადაიყვანა პატიმრობაში.