ახალი ამბები

საქსო ბანკი: ლარი 10%-ით გამყარდება

25 ნოემბერი, 2015 • • 1467
საქსო ბანკი: ლარი 10%-ით გამყარდება

”„საქსო ბანკი“ ვარაუდობს, რომ ლარი 10%-ით გამყარდება. ამის ძირითადი მიზეზი ის იქნება, რომ ამერიკული დოლარი შეწყვეტს გამყარებას. აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება, რომ დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების  მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი – ღირებულება და ფასი. ფასი, რასაც იხდი, ღირებულება, რასაც იღებ, და ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეთესო ვარიანტია. მეტი ინვესტიცია იქნება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურაში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად. ამდენად, საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარება, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოს შემთხვევაში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2016 წელს ლარი 10%-ით უნდა გამყარდეს. საქართველოს ვალუტის ფასი შესუსტდა რეგიონული ფაქტორების გამო, მთელს რეგიონში ასეა. 2016 წელს დოლარის კურსი შესუსტდება და ლარი გამყარებას დაიწყებს. უზარმაზარი დეფიციტის მიუხედავად პოზიტიური ტენდენციები უნდა დაიწყოს. ალბათ ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ  ლარს დიდი შესაძლებლობები გააჩნია კურსის გამყარების თვალსაზრისით. მაღალპროდუქტიულობის წყალობით, ასევე, ჰიდროენერგეტიკული და სხვა პროექტების საშუალებით, ლარის 10%-იანი გამყარება უნდა იყოს აბსოლუტურად რეალური,“- განაცხადა „საქსო ბანკის“ (SAXO BANK) მთავარმა ეკონომისტმა სტინ იაკობსენმა.

 

აღნიშნული განცხადება მან მედიასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც „გალტ & თაგარტმა“ და „საქსო ბანკმა“ ონლაინ პლატფორმა GT TRADER წარადგინეს.

 

2013 წელს 1 აშშ დოლარის ფასმა 1.73 ლარი შეადგინა. ლარმა ამ ნიშნულიდან მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და 6 დეკემბერს 1.95 ლარამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოს 1.86 ლარამდე ჩამოვიდა. 2015 წლიდან კი ისევ ზრდა დაიწყო და ეროვნული ბანკის 23 თებერვლის კურსით 2.20 ლარამდე მიაღწია.

 

2015 წლის 25 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3946  შეადგინა, რაც 0.0117-ით ნაკლებია წინა დღის ანალოგიურ მაჩვენებელთან.

'საქსო ბანკის' (SAXO BANK) მთავარი ეკონომისტი სტინ იაკობსენი

მასალების გადაბეჭდვის წესი