რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავდა ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი და სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი, რომელიც რუსეთის მთავრობას არაერთი მედლით ჰყავს დაჯილდოებული.
პოდდუბნი 2001 წლიდან მუშაობს სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ პროპაგანდისტი კურსკში დრონის შეტევის შედეგად დაიღუპა, თუმცა შემდეგ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადარჩა და დაჭრილია.
პოდდუბნი ცნობილია თავისი “ოპტიმისტური” რეპორტაჟებით, თუ როგორ “იგებს” რუსეთი ომს სწრაფად. ის წარმოშობით ბელგოროდიდან არის, ქალაქიდან, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც ასევე უკრაინას ესაზღვრება, საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა.
უკვე მეორე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გუშინ, 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგერიებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.
ამ ეტაპზე გადამოწმებული და ოფიციალური ინფორმაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა „ნეტგაზეთმა“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავი მოუყარა ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას. ცნობილია, რომ უკრაინელებმა ათეულობით რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტიც დაიკავეს.