ახალი ამბები

თავდასხმის საფრთხის გამო, ვენაში გაუქმდა ტეილორ სვიფტის კონცერტები

8 აგვისტო, 2024 •
თავდასხმის საფრთხის გამო, ვენაში გაუქმდა ტეილორ სვიფტის კონცერტები

ტეილორ სვიფტის “ერას ტურის” ფარგლებში დაგეგმილი უახლესი კონცერტები გაუქმდა. მიზეზი გახდა შესაძლო თავდასხმის რისკი.

ამერიკელ მომღერალს შოუ ვენაში 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა ჩაეტარებინა. ერთი დღით ადრე, 7 აგვისტოს დააკავეს, სავარაუდოდ, ე.წ. ISIS-თან დაკავშირებული ორი მოქალაქე. მათგან ერთი 19 წლისაა.

BBC ავრცელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებში ავსტრიის გენერალური დირექტორის განცხადებას. ფრანც რუფის ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან “ერთგულების ფიცი” რამდენიმე კვირის წინ, ივლისის დასაწყისში დადო.

“ორგანიზატორების მიერ ტეილორ სვიფტის კონცერტის გაუქმება მიძმე იმედგაცრუებაა ყველა გულშემატკივრისთვის. ვენაში დაგეგმილი ტერაქტის გამო სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. სამართალდამცველების მუშაობის წყალობით, საფრთხეების იდენტიფიცირება დროულად მოხდა, რამაც აგვაცილა ტრაგედია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა.

ვენაში დაგეგმილი სამი კონცერტიდან თითოეულს 65 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, ტერიტორიის გარეთ კი დაახლოებით 22 000-მდე გულშემატკივრის შეკრება იყო მოსალოდნელი. ორგანიზატორების განცხადებით ბილეთების ფული თითოეულ მათგანს 10 დღის ვადაში დაუბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი