ახალი ამბები

გაერომ 9 თანამშრომელი გაათავისუფლა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობისთვის

6 აგვისტო, 2024 •
გაერომ 9 თანამშრომელი გაათავისუფლა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობისთვის

გაერომ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) 9 თანამშრომელი გაათავისუფლა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის გამო.

გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურმა დაასრულა გამოძიება 7 ოქტომბრის თავდასხმებში UNRWA-ს 19 თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, რომელთაგან ორი გარდაიცვალა.

„ცხრა ადამიანის შემთხვევაში საკმარისი მტკიცებულებაა, დავასკვნათ, რომ ისინი შესაძლოა მონაწილეობდნენ შვიდი ოქტომბრის თავდასხმებში. დანარჩენების საქმეები გადაიხედება”, — განაცხადა გაეროს პრესსპიკერის მოადგილე ფარჰან ჰაქმა.

ჰაქს არ დაუკონკრეტებია გათავისუფლებულთა ვინაობა და კონკრეტულად, რაში არიან ისინი ეჭვმიტანილი, თუმცა თქვა, რომ ცხრავე მათგანი კაცია.

„ჩვენთვის თავდასხმებში ნებისმიერი მონაწილეობა არის უზარმაზარი ღალატი იმ საქმის, რომელსაც უნდა ვაკეთებდეთ პალესტინელი ხალხის სახელით“, — თქვა მან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოძიება დაიწყო იანვარში ისრაელის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც UNRWA-ს 12 თანამშრომელი მონაწილეობდა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმებში, რამაც გამოიწვია ღაზის ახალი ომი. მარტსა და აპრილში გაეროს ყურადღების ცენტრში მოექცა კიდევ შვიდი შემთხვევა. მარტში და აპრილში  ისრაელმა გააძლიერა ბრალდებები და განაცხადა, რომ UNRWA-ს 450-ზე მეტი თანამშრომელი ღაზის ტერორისტული ჯგუფებისთვის მუშაობს. UNRWA-ში დასაქმებულია 32 000 ადამიანი, მათ შორის 13 000 — ღაზაში.

UNRWA-ს უმსხვილესმა დონორმა — შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა სააგენტოს დაფინანსება ისრაელის ბრალდებების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი